დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის მოთხოვნით მოიწვია. როგორც პაპუაშვილმა 15 ივლისს გამართული ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დღეს იურიდიულ კომიტეტზე გამართული მოსმენის შემდეგ, სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უყრიან კენჭს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე დადებითად დაახასიათა გიორგი გაბიტაშვილი და თქვა, რომ მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება ხვალინდელ სხდომაზე, რიგგარეშე სხდომა 19 ივლისსაც გაიმართება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამჯერად „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებს და საკითხს იმავე დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს დაიხურა.