საერთაშორისო სავალუტო ფონდში ადასტურებენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების გაზრდას მხარს უჭერენ.
საქმე ის არის, რომ როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სებ-ის საბჭოში წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, 11-მდე გაიზარდოს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სურვილია.
IMF-ში პირდაპირ არ უპასუხეს BMG-ის კითხვას, იყო თუ არა აღნიშნული მათი რეკომენდაცია, მაგრამ განმარტეს, რატომ არის უკეთესი სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების რიცხვი მკვეთრად ჭარბობდეს აღმასრულებელ წევრებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო 9-წევრიანია, მაგრამ ამჟამად საბჭოში 5 წევრია და მათგან სამი აღმასრულებელია (ვიცე-პრეზიდენტები: ნათია თურნავა, ნათია მიქაბაძე და ეკა გალდავა) და მხოლოდ ორი წევრია არაღმასრულებელი - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი.
IMF-ში ფიქრობენ, რომ აღმასრულებელი უმრავლესობის მმართველობა ასუსტებს საბჭოს დამოუკიდებლობას.
„მიუხედავად იმისა, რომ სებ-ის მმართველი საბჭო 5 არააღმასრულებელი და 4 აღმასრულებელი პოზიციით არის დაკომპლექტებული, ვაკანსიები არააღმასრულებელ პოზიციებზე დიდი ხნის განმავლობაში იყო თავისუფალი, რის შედეგადაც საბჭოს მართავდა აღმასრულებელი უმრავლესობა. აღმასრულებელი უმრავლესობის მმართველობა ასუსტებს საბჭოს დამოუკიდებლობას და მის საზედამხედველო როლს.
ერთი გზა, რითაც არააღმასრულებელი უმრავლესობის ფორმირება შეიძლება, ის არის, რომ 2 ახალი არააღმასრულებელი პოზიცია დაემატოს და საბჭოს კვორუმი 5-დან 9-მდე გაიზარდოს.
ამგვარად, საბჭოს ექნება არააღმასრულებელი უმრავლესობა გადაწყვეტილებების მიღებისთვის მაშინაც კი, თუკი ყველა აღმასრულებელი დაესწრება სხდომას და 2 არააღმასრულებელი პოზიცია ვაკანტური დარჩება“, - განუცხადა BMG-ის საქართველოში IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა.
გარდა ამისა, სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, დღეს არსებული ვაკანსიები შეივსოს დამოუკიდებელი და კვალიფიციური წევრებით.
სებ-ის საბჭოს 4 წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვიდ თებერვალს გამოაცხადა. განცხადებების მიღება 23 თებერვალს დასრულდება.