მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის დავნიშნავთ და რა კანონს მიიღებს პარლამენტი, ყველაფერს IMF-ს ვერ შეუთანხმებთ - ლევან სურგულაძე

64959282414eb
თელარა გელანტია
23.06.23 16:45
782
სტატიაში საუბარია:
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე ქვეყანაში IMF-ის პროგრამის შეჩერების რისკებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ლევან სურგულაძე დარწმუნებულია, რომ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სავალუტო ფონდთან „ურთიერთობას დაალაგებს“. რაც შეეხება IMF-ის კრიტიკულ დამოკიდებულებას სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში დამტკიცებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ფინანსისტს მიაჩნია, რომ ყველაფრის IMF-თან შეთანხმება ვერ მოხდება და არც იმ რისკებს იზიარებს, რომელიც სავალუტო ფონდმა და სებ-ის მენეჯმენტმა კობა გვენეტაძის პრეზიდენტობის პერიოდში დაინახეს.

- „სებ-ის ახალი კანონი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის... “ – IMF-ის ეს განცხადება ეძღვნებოდა არა - კონკრეტულ კანდიდატურებს, არამედ მმართველი ძალის მცდელობას, დაემატებინათ მეოთხე ვიცე-პრეზიდენტი, რითაც ირღვეოდა ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ საბჭოს წევრებს შორის. როგორ ფიქრობთ, IMF-მა რატომ დაინახა ასეთი რისკები?

- სავალუტო ფონდს სჭირდება გარკვეული კომფორტი, როდესაც მუშაობს ქვეყანაში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გარკვეულ პიროვნებებთან ერთად; თავს გრძნობდა უფრო კომფორტულად და ერჩივნა არსებულ გუნდთან ემუშავა. მან არ იცის, როგორ დალაგდება ეს სიტუაცია, ეს ურთიერთობა როგორი იქნება... ტექნიკური დისკომფორტია, უბრალოდ, რომელიც წესით, მალე უნდა აღმოიხვრას; მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათთან ურთიერთობას ნათია თურნავა ძალიან მარტივად დაარეგულირებს.

- დავიჯეროთ, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც IMF-ია, მხოლოდ თავის ტექნიკურ დისკომფორტზე წუხს?

- რითი დაასაბუთეს თავისი ეჭვები?

- IMF-ის პირველ განცხადებაში ეწერა, რომ დაგეგმილი ცვლილებები, რაც უკვე კანონად იქცა, „ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას და თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნისო“... სებ-მაც განაცხადა, რომ ირღვევა ბალანსი საბჭოს აღმასრულებელ და არაღმასრულებელ წევრებს შორისო...

- ეს ბალანსი ხომ აღდგება?

- არ ვიცით... ახლა საბჭოში 9 წევრიდან 7 წევრია, მათგან ოთხი უკვე აღმასრულებელი წევრია. სებ-ის მენეჯმენტის შენიშვნები ასევე შეეხებოდა იმას, რომ კანონში ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან...

- ვის დავნიშნავთ თანამდებობაზე და რა კანონს მიიღებს პარლამენტი, ყველაფერს სსფ-ს ვერ შეუთანხმებთ. ის მაინც გარე ორგანიზაციაა; რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები არიან, რადგან ამდენი წელია ჩვენ გვერდით არიან.

- ამიტომაც ჩნდება ლოგიკური კითხვები - მეგობარს ხომ კარგი უნდა შენთვის?!

- რა თქმა უნდა, მაგრამ მეგობარს შეიძლება თავისი ინტერესებიც ჰქონდეს.

- თუმცა IMF-ზე ალბათ ყველაზე ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რამე ინტერესი აქვს, ვიდრე მმართველ ძალას ამ სიტუაციაში...

- მესმის, მაგრამ ვერ დავინახე მათი საფუძვლიანი დასაბუთება, რომ მართლა გამჩენოდა ისეთი გრძნობა, რომ ისინი ამიტომ ნერვიულობენ. გარკვეული ტექნიკური დისბლანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის ძალიან მალე აღმოიფხვრება და ის არგუმენტი, რომ თუ არაა პრეზიდენტი, ვინ ასრულებს მოვალეობას, ეს იყო საკამათო საკითხი და გადაიჭრა. ამ საკითხში რატომ ვერ ხედავდნენ პრობლემას?!

- იმიტომ, რომ ეს საკითხი სებ-ის პრეზიდენტის შიდა ბრძანებით იყო დარეგულირებული და არასდროს ქცეულა პრობლემად. გულწრფელად გჯერათ, რომ „ოცნების“ დეპუტატები სებ-ის შესახებ კანონს კითხულობდნენ, ხვრელი ნახეს და ამოვსება გადაწყვიტეს?! ამასთან დაკავშირებით არ გაქვთ ეჭვები?

- სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ. რას ვფიქრობ და რა ეჭვები მაქვს, ეს მხოლოდ ჩემმა ბალიშმა იცის. აქ ამის გაჟღერების ადგილი, ალბათ, არ არის. საფუძვლიანი ეჭვი კი მე არ მაქვს.

- შესაბამისად, საქართველოში IMF-ის მიმდინარე პროგრამის შეჩერების რისკებს ვერ ხედავთ თუ ამ შემთხვევაშიც ნათია თურნავას მენეჯერული უნარების იმედი გაქვთ?

- ყოველთვის ყველაფრის რისკი არსებობს.. დიახ, ნათია თურნავას ძალიან დიდი იმედი მაქვს; ის დაალაგებს სავალუტო ფონდთან ურთიერთობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები