მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს რეზერვების შეძენაზე IMF-თან კონსულტაცია გავლილი იყო - დავით უტიაშვილი

დავით უტიაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით უტიაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი $500 მილიონის ღირებულების 7 ტონა მონეტარული ოქროს შეძენის შესახებ ინფორმირებული იყო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სებ-ის ამ გადაწყვეტილებაზე IMF-ის პოზიციას შეეხებოდა. „IMF-თან კონსულტაცია გავლილი იყო, მაგრამ ცალსახა პოზიცია რაიმე კუთხით მათ არ გამოუთქვამთ და არც ველოდებით“, - თქვა დავით უტიაშვილმა.

- ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტისთვისაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, მაგრამ კობა გვენეტაძის დროს განიხილებოდა ოქროს ყიდვა?

- შეიძლება, სხვადასხვა დროს ასეთი ინიციატივა იყო, მაგრამ ასეთ დონეზე <სებ-ის საბჭო> განხილული არ ყოფილა. ზოგადად, ვხედავთ, რომ გლობალური ინფლაციური რისკების ფონზე რეზერვებში ოქროს დამატება მზარდი პრაქტიკა; იქამდე ასეთი პრაქტიკა, შეიძლება, ნაკლებად იყო, შედარებით ახალი თემაა. მეორე მხრივ, covid-პანდემიის შემდეგ სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რამაც რეზერვების ზრდას შეუწყო ხელი და ამ ფაქტორმაც წაახალისა, მეტად გვეფიქრა მონეტარული ოქროს შეძენაზე.

- ვიდრე 7 ტონა მონეტარულ ოქროს შეიძენდა სებ-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაცია გაიარეთ?

- ჩვენ მარტში გვყავდა IMF-ის მისია, ე.წ. „მეოთხე მუხლის“ ფარგლებში და მაშინ ვუთხარით, რომ ვაპირებთ შევიძინოთ მონეტარული ოქრო. IMF-ს აქვს რეკომენდაცია, შევავსოთ რეზერვები და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ როგორ და სად განვათავსებთ რეზერვებს და მისი 11% იქნება თუ არა ოქროში, ასეთ დეტალებზე სსფ-დან მითითებებს არ ვიღებთ. სსფ-ის რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ოქროშია განთავსებული. ის ოქროს რეზერვების ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია აშშ-ის შემდეგ; ცხადია, ამას ისტორიული ფაქტორები განაპირობებს, როცა იყო ოქროს სტანდარტი, მაგრამ მათთვის გასაკვირი არაა, რომ ცენტრალურმ ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათაც იციან, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.

- IMF-მა მოიწონა თუ არა სებ-ის გადაწყვეტილება?

- IMF-თან კონსულტაცია გავლილი იყო, მაგრამ ცალსახა პოზიცია რაიმე კუთხით მათ არ გამოუთქვამთ და არც ველოდებით...

- ანუ უბრალოდ, საქმის კურსში ჩააყენეთ?

- დიახ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რადგან ეს არ არის სსფ-თან შეთანხმების საგანი.

- ჩემი და არა მარტო ჩემი შეფასებით, დღეს, სებ-ი რეპუტაციულად საუკეთესო ფორმაში არაა, ამიტომაც ვსვამ კითხვას - მოიწონა თუ არა IMF-მა მონეტარული ოქროს შეძენა?

- არ მგონია, რომ ან უნდა მოწონებდათ ან არა, ოქრო რეზერვების მართვის ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ოქროს შესყიდვა ერთ დღეში, მყისიერად არ მომხდარა. სებ-ის გუნდი, ვინც საერთაშორისო რეზერვების მართვაზეა პასუხისმგებელი, აკვირდებოდა ბაზარს და როცა წინაპირობები და მისაღები გარემოება დაინახეს, მაშინ შეიძინეს.

"სებ–ი გამონაკლისი არ არის"– IMF-ის პოზიცია ოქროს შესყიდვაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები