მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორი ადამიანი უნდა მიგვეყვანა სებ-ში - ისეთი, ვინც არავის იცნობს და არსად უმშავია?!“ - ინტერვიუ

64958e697318c
თელარა გელანტია
23.06.23 23:40
1052
სტატიაში საუბარია:
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და შესაბამისად, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას არჩევას მიესალმება. „ნათია თურნავა ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატი იყო“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. ლევან სურგულაძე სებ-ის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს, მიუხედავად ეროვნული ბანკის მენეჯმენტის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და შეფასებებისა. ფინანსისტი ქვეყანაში ვერც IMF-ის მიმდინარე პროგრამის შეჩერების რისკებს ხედავს.

- ნათია თურნავა როგორც კი სებ-ის საბჭოს წევრი გახდა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იქნებოდა ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი. პრეზიდენტი - ჯერ ვერ, მაგრამ პირველი ვიცე-პრეზიდენტია უკვე და რადგან სებ-ს პრეზიდენტი არ ჰყავს, ის შეასრულებს მოვალეობას. როგორ შეაფასებდით საბჭოს გადაწყვეტილებას?

- მინდა, ნათია თურნავას მივულოცო ახალი თანამდებობა. ის გახლავთ ძალიან კარგი მენეჯერი და უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი. მქონდა ბედნიერება, მასთან მემუშავა, როცა საპენსიო სააგენტოს დირექტორი ვიყავი, ის იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი ჩართულობით, საპენსიო სააგენტოში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა წარმატებით გადავლახეთ. ამდენად, კარგი რამ მოხდა და ძალიან ძლიერი და ღირსეული მენეჯერი დაინიშნა ხელმძღვანელად. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი მისი ხელმძღვანელობით უკეთესი გახდება.

- იმ პრეისტორიის გათვალისწინებით, რასაც ამ დღემდე ჰქონდა ადგილი - ვგულისხმობ სებ-ის კანონში ცვლილებებს, რიგით მეოთხე და სტატუსით პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატებას, ვეტოს დაძლევას, სავალუტო ფონდის კრიტიკულ შეფასებებს, მაინც თვლით, რომ სებ-ის საბჭოს მიერ ნათია თურნავას არჩევა კარგი და სწორი გადაწყვეტილება იყო?

- დავიწყოთ სებ-ის შესახებ კანონით - კითხვა ისმოდა ასე: როდესაც არაა პრეზიდენტი, ვინ ასრულებს მის მოვალეობას?

- ეს საკითხი მოწესრიგებული იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კონკრეტული ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა...

- ვფიქრობ, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა კანონში არსებული ხარვეზის ტექნიკური გადაწყვეტა იყო. მე ასე დავინახე.

- თუ მიზანი მხოლოდ საკანონმდებლო ხვრელის ამოვსებაა, რა საჭირო იყო მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება? შეიძლებოდა, მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის რიგითობის დაკონკრეტება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნათია თურნავა ვერ გახდებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რადგან ის მხოლოდ საბჭოს წევრი იყო... სწორედ ამან გააჩინა კითხვები...

- ნუ ასე მოხდა... ყველას თავისი აზრი აქვს. ის, რომ კანონმდებლობაში ეს დაურეგულირებელი საკითხი დარეგულირდა, ეს კარგი მომენტია. ნათია თურნავას ხელმძღვანელობაც მისასალმებელია. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სულ ხომ არ იქნება ოთხი ვიცე-პრეზიდენტი?!

- არა. დროებით, დათქმით შემოვიდა კანონში ეს ცვლილება ანუ იქამდე სანამ სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა... პირველს ვადა სწორედ არჩილ მესტვირიშვილს გასდის, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ზრდის.

- ანუ მაშინ რაშია პრობლემა?!

- რა საჭირო იყო მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის დამატება?! ხომ შეიძლებოდა, არსებული სამიდან ერთ-ერთი აერჩიათ პირველ ვიცე-პრეზიდენტად?!

- წლის ბოლოს ხომ ორი დარჩებოდა, როცა არჩილ მესტვირიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა?

- ახლა რატომ არსებობდა მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის დამატების აუცილებლობა?! - ეს არის კითხვა, თუ ამაზე არ გიფიქრიათ?

- დიახ, ამაზე ასე ღრმად არ მიფიქრია, კიდევ რა მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო. ერთი მოტივი აშკარაა - კანონში იყო ბუნდოვანება და არ მესმის, ეს მოტივი რატომ არ უნდა ავიღოთ; თან არჩილ მესტვირიშვილსაც ვადა გასდის რამდენიმე თვეში და უბრალოდ, არ მიიყვანეს საქმე ბოლომდე და მერე არ დაიწყეს ფიქრი; ძალიან მარტივია.

- ეჭვების დონეზეც გამორიცხავთ სხვა მოტივს? თან იმის გათვალისწინებით, როგორი მნიშვნელოვანია სებ-ის დამოუკიდებლობა...

- დამოუკიდებლობაში რას გულისხმობთ? სებ-ი დამოუკიდებელია, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, თუმცა მთავრობასთან ურთიერთობა რომ უნდა ჰქონდეს, მარტივია; ისე ვერცერთი იმუშავებს და ვერც - მეორე. მათ შორის კოორდინაცია აუცილებელია. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფუძველს, გვეშინოდეს, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა დაკნინდება, როგორი დამოუკიდებელიც იყო, მინიმუმ ისევ ისეთი დარჩება.

- ნათია თურნავას კარიერა, მისი მთავრობასთან კონტაქტები და ის პროცესი, როგორც გახდა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ეჭვების საფუძველს საერთოდ არ გიჩენთ?

- ეს ისეთი სპეკულაციებია. ძალიან რთულია ამ თემებში წასვლა, ვის რა მოუვიდა თავში და ვინ რა გაიფიქრა.

- მაშინ ასე გკითხავთ: რადგან სებ-ის ძირითადი მანდატია ფასების სტაბილურობა და როგორც მათ ვებგვერდზევე წერია, „ის დამოუკიდებელი უნდა იყოს მთავრობის სხვა მიზნებისაგან, როგორებიცაა, მაგალითად, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის შემცირება“ - ნათია თურნავას კარიერული გზის გათვალისწინებით, იქნება ის ისეთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვისთვისაც კონსტიტუციური მანდატი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი?

- როგორი ადამიანი უნდა მოგვეყვანა?! - რომელიც არავის იცნობს, არსად უმუშავია?! ის მუშაობდა მთელი თავისი ცხოვრება, მათ შორის მაღალ პოზიციებზე, აქვს კარგი გამოცდილება, ეს ყველაფერს გადაწონის; თან არის ძალიან კარგი მენეჯერი. შესაბამისად, მე მგონი, ნათია თურნავა ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატი იყო.

- მისი მთავრობასთან აფილაცია არ არის პრობლემა?

- ნაცნობობა აფილაციას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმესთან მეგობრობდეს კიდეც, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცევა და კონსტიტუციას დაარღვევს. არა მგონია; არა მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ.

- „სებ-ის ახალი კანონი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის... “ – IMF-ს ეს განცხადება ეძღვნებოდა არა - კონკრეტულ კანდიდატურებს, არამედ მმართველი ძალის მცდელობას, დაემატებინათ მეოთხე ვიცე-პრეზიდენტი, რითაც ირღვეოდა ბალანსი აღმასრულებელ და არააღამსრულებელ საბჭოს წევრებს შორის. როგორ ფიქრობთ, IMF-მა რატომ დაინახა ასეთი რისკები?

- სავალუტო ფონდს სჭირდება გარკვეული კომფორტი, როდესაც მუშაობს ქვეყანაში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გარკვეულ პიროვნებებთან ერთად; თავს გრძნობდა უფრო კომფორტულად და ერჩივნა არსებულ გუნდთან ემუშავა. მან არ იცის, როგორ დალაგდება ეს სიტუაცია, ეს ურთიერთობა როგორი იქნება... ტექნიკური დისკომფორტია, უბრალოდ, რომელიც წესით, მალე უნდა აღმოიფხვრას; მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათთან ურთიერთობას ნათია თურნავა ძალიან მარტივად დაარეგულირებს.

- დავიჯეროთ, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც IMF-ია, მხოლოდ თავის ტექნიკურ დისკომფორტზე წუხს?

- რითი დაასაბუთეს თავისი ეჭვები?

- IMF-ის პირველ განცხადებაში ეწერა, რომ დაგეგმილი ცვლილებები, რაც უკვე კანონად იქცა, „ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას და თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნისო“... სებ-მაც განაცხადა, რომ ირღვევა ბალანსი საბჭოს აღმასრულებელ და არაღმასრულებელ წევრებს შორისო...

- ეს ბალანსი ხომ ადგება?

- არ ვიცით... ახლა საბჭოში 9 წევრიდან 7 წევრია, მათგან ოთხი უკვე აღმასრულებელი წევრია. სებ-ის მენეჯმენტის შენიშვნები ასევე შეეხებოდა იმას, რომ კანონში ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან...

- ვის დავნიშნავთ თანამდებობაზე და რა კანონს მიიღებს პარლამენტი, ყველაფერს სსფ-ს ვერ შეუთანხმებთ. ის მაინც გარე ორგანიზაციაა; რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები არიან, რადგან ამდენი წელია ჩვენ გვერდით არიან.

- ამიტომაც ჩნდება ლოგიკური კითხვები - მეგობარს ხომ კარგი უნდა შენთვის?!

- რა თქმა უნდა, მაგრამ მეგობარს შეიძლება თავისი ინტერესებიც ჰქონდეს.

- თუმცა IMF-ზე ალბათ ყველაზე ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რამე ინტერესი აქვს, ვიდრე მმართველ ძალას ამ სიტუაციაში...

- მესმის, მაგრამ ვერ დავინახე მათი საფუძვლიანი დასაბუთება, რომ მართლა გამჩენოდა ისეთი გრძნობა, რომ ისინი ამიტომ ნერვიულობენ. გარკვეული ტექნიკური დისბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის ძალიან მალე აღმოიფხვრება და ის არგუმენტი, რომ თუ არაა პრეზიდენტი, ვინ ასრულებს მოვალეობას, ეს იყო საკამათო საკითხი და გადაიჭრა. ამ საკითხში რატომ ვერ ხედავდნენ პრობლემას?!

- იმიტომ, რომ ეს საკითხი სებ-ის პრეზიდენტის შიდა ბრძანებით იყო დარეგულირებული და არასდროს ქცეულა პრობლემად. გულწრფელად გჯერათ, რომ „ოცნების“ დეპუტატები სებ-ის შესახებ კანონს კითხულობდნენ, ხვრელი ნახეს და ამოვსება გადაწყვიტეს?! ამასთან დაკავშირებით არ გაქვთ ეჭვები?

- სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ. რას ვფიქრობ და რა ეჭვები მაქვს, ეს მხოლოდ ჩემმა ბალიშმა იცის. აქ ამის გაჟღერების ადგილი, ალბათ, არ არის. საფუძვლიანი ეჭვი კი მე არ მაქვს.

- შესაბამისად, საქართველოში IMF-ის მიმდინარე პროგრამის შეჩერების რისკებს ვერ ხედავთ თუ ამ შემთხვევაშიც ნათია თურნავას მენეჯერული უნარების იმედი გაქვთ?

- ყოველთვის ყველაფრის რისკი არსებობს.. დიახ, ნათია თურნავას ძალიან დიდი იმედი მაქვს; ის დაალაგებს სავალუტო ფონდთან ურთიერთობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები