საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, დეპუტატ ბეჟან წაქაძის აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყველა წევრს უნდა შეეძლოს სებ-ის პრეზიდენტის და/ან ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, რომლის მთავარი თემა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების მიზანი და მმართველი ძალის მოტივი იყო.
ბეჟან წაქაძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს - „სებ-ის პრეზიდენტი თუ ვიცე-პრეზიდენტი იყოს პროფესიონალი და ქვეყნის ერთგული“.
„ღია კარის მტვრევა იყო პარლამენტში - ამბობენ ის დაინიშნება პრეზიდენტად... ეს დაინიშნებაო... რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რამდენიმე პრეზიდენტი იყო არა მარტო სებ-ში, არამედ ქვეყანაშიც, რომელზეც იძახდნენ, რომ იყო „ქართული ოცნების“ კადრი, მაგრამ კი ხედავთ, როგორც იყო.. ასევე იყო პრემიერი.. ესაა დემოკრატია. ჩვენ ვირჩევთ, ისინი თავის ხაზს მიჰყვებიან და ისე ახორციელებენ თავის უფლებამოსილებას, როგორც წარმოუდგენიათ“, - აცხადებს დეპუტატი.
საქმე ის არის, რომ “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში, ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შედეგად, შემოდის ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს. კანონპროექტის ავტორები ამის საჭიროებას ხსნიდნენ იმით, რომ დღეს მოქმედ ორგანულ კანონში ხარვეზია და მკაფიოდ არ წერია, ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, როდესაც არაა პრეზიდენტი.
თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი მიზანი მხოლოდ საკანონმდებლო ბუნდოვანების აღმოფხვრა არ იყო, რადგან კანონში შესული ცვლილებებით, იქამდე, სანამ სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდება.
აღსანიშნია, რომ სამი მოქმედი ვიცეპრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკო გაგუა) ყველაზე ადრე, მიმდინარე წლის დეკემბერში ვადა გასდის არჩილ მესტვირიშვილს.
ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში, ასევე, ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, 7-წევრიანი საბჭოდან რომელიმე ორი წევრი მეოთხე ვიცეპრეზიდენტის კანდიდატურას წარადგენს და დიდი ალბათობით ის გახდება პირველი ვიცეპრეზიდენტი და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
„წერტილთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დეპუტატი შეეცადა აეხსნა, რატომ არის აუცილებელი, სებ-ში მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებს მხარს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უჭერს და საპარლამენტო განხილვების პროცესში თავისი კრიტიკული შენიშვნები საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც წარმოადგინა.
- როგორც იცით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი სიითი უმრავლესობით - ეს არის ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და საბჭოს ყველა წევრს თანაბრი უფლება უნდა ჰქონდეს. იმ ცვლილებებით, რომელიც კანონში შევიტანეთ, სებ-ის საბჭოს ყველა წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ისე ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მარტო აღმასრულებელ წევრებს ანუ სამ ვიცე-პრეზიდენტს კი არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არამედ - სხვა წევრებსაც, რომლებიც დღეს 7-კაციან საბჭოშია. ამასთან, ეროვნული ბანკი სერიოზული ორგანიზაციაა, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის - მასზეა დამოკიდებული ინფლაციის მართვა, გარკვეულწილად ლარის კურსთან ურთიერთობები... ეკონომიკაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია, თუ იქ სათანადოდ არაა საქმე. მოგეხსენებათ, მეოთხე თვეა საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი. რამდენიმე თვეში, კერძოდ, დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილსაც, რომელიც დღეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. ამდენად, გაურკვევლობა რომ არ შეიქმნას, საჭირო გახდა ამ ცვლილებების მიღება, ვინაიდან დღეს მოქმედ კანონში არაა მკაფიოდ განმარტებული, ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის პირობებში...
- თუ მიზანი მხოლოდ საკანონმდებლო ხვრელის ამოვსებაა, რა საჭირო იყო მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება... მოქმედი სამი ვიცე-პრეზიდენტიდან არცერთი არ გამოდგებდა პირველ ვიცე-პრეზიდენტად?
- ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა...
- მაშინ მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატება რა საჭირო იყო, თუნდაც დროებით?
- ჩვენ სებ-ის საბჭოში წევრი შეგვყავს. პარლამენტი არ ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
- თქვენ <პარლამენტს> დამოუკიდებლად წევრიც ვერ შეგყავთ სებ-ის საბჭოში - წევრობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და თქვენ მხარს დაუჭერთ, ან - არა. ლოგიკური კითხვაა - რატომ დაინახეთ, მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატების აუცილებლობა?
- ეს ხომ ეროვნული ბანკის პრეროგატიავაა...
- კანონში ცვლილებების ინიციატორი იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და არსი რა იყო - რა მოტივი გამოძრავებთ?
- რამდენიმე თვეში ერთ ვიცე-პრეზიდენტს (არჩილ მესტვირიშვილს) გასდის უფლებამოსილების ვადა , რჩება - ორი. ამ შემთხვევაში შემოდის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც კანონმდელობით შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. რა არის ამაში მიუღებელი?! ვიღაცის დანიშვნა თუ გვინდა, ახლაც დავნიშნავთ...
- ვერ დანიშნავთ ბატონო ბეჟან - კანონი არ გაძლევთ ამის უფლებას, ამიტომაც გაჩნდა ეჭვები - ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი ვერ დაითანხმა „ქართულმა ოცნებამ“, რომ სებ-ის საბჭოს წევრად წარმოედგინა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა, ამიტომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით ხომ არ გადაწყვიტა მმართველმა ძალამ სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელ წევრს მისცეს შანსი, გახდეს პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელი? მაგალითად, ნათია თურნავას...
- სებ-ის საბჭოში სხვა წევრებიც არიან და მათაც შეუძლიათ ამ უფლების გამოყენება...
- მთავარი კითხვაც ამაშია - ეს რატომ გახდა აუცილებელი?
- აუცილებელია იმიტომ, რომ მეტი ლეგიტიმაციაა... სებ-ის საბჭოს 7 წევრიდან შვიდივეს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში. ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ.
ცნობისთვის: ამჟამად ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია. მათგან სამი ვიცე-პრეზიდენტია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟანა და ნიკოლოზ გაგუა. ოთხი კი, არააღმასრულებელი წევრია. ესენია: ნათია თურნავა, ეკატერინე გალდანა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის შეჩერების რისკებს, რაზეც თავად ეროვნული ბანკის მენეჯმენტიც საუბრობდა, დეპუტატი მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ნაკლებად ვარაუდობს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში IMF-ის პროგრამა არ შეჩერდეს.