მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის პოზიციაა, პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოში ის პირები წარადგინოს, ვინც მათ აწყობთ - გოცირიძე

დეპუტატი

დეპუტატ რომან გოცირიძეს განცხადებით, სებ-ის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სურვილია, კომპრომისული წინადადებები შედგეს. მთავრობის პოზიცია კი პრეზიდენტის მიერ იმ პირების წარდგენაა, რომელიც მათ სურთ. ამის შესახებ დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა.

„მთავრობას და სალომე ზურაბიშვილს წერილი მივწერე, დაგვეწყო "საბანკო შარლ მიშელი", რაშიც მთავრობა, ოპოზიცია და სავალუტო ფონდი ჩაერთვებოდა. პრეზიდენტი მოსურნეა, კომპრომისული წინადადებები შედგეს და მზად არის მთავრობასთან სასაუბროდ, მაგრამ მთავრობა არ არის მზად. მთავრობა ეუბნება, ვისაც გეტყვი, იმას დანიშნავო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძისგან საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს თავს პრეზიდენტი არიდებს. მიუხედავად ამ შეუთანხმებლობისა, ფაქტია, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს, მაგრამ ამჟამად ის მხოლოდ 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. დარჩენილი ოთხი წევრი კი პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით უნდა აირჩიოს.

რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას არც ის სურს, რომ დარჩენილ 4 ვაკანტურ პოზიციებზე ორი პრეზიდენტის არჩეული იყოს და ორი მთავრობის. „მთავრობა არ მოდის ამაზე, რომ 2 ერთის კანდიდატი იყოს და 2 - მეორის. მთავრობას სურს, დასვას თავისი მორჩილი“, - ამბობს იგი.

დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია IMF-ის პროგრამის მიმართულებითაც, რადგან თუ არ მოხდა საბჭოს ფორმირება, პროგრამა არ აღდგება. „სავალუტო ფონდის მისია რომ პრეზიდენტს შეხვდა, ძალიან კარგია, მათ ისაუბრეს საბჭოს ფორმირებაზე რომლის გარეშეც პროგრამა არ აღდგება. ამით ბუნებრივია ქვეყანას რეპუტაციული ზიანი ადგება, რადგან სავალუტო ფონდის პროგრამა ინვესტორებისთვის სიგნალი და ნდობის მაჩვენებელია. ეროვნულმა ბანკმა კი ნდობა დაკარგა“, - განაცხადა მან.

დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ არასწორია, როცა ინფორმაცია არ ქვეყნდება, ვის სურს სებ-ის საბჭოს წევრობა. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი ვაკანტური პოზიციის შევსებისთვის განაცხადების მიღების ვადა უკვე ამოიწურა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა შორის ლადო პაპავა და მურად ნარსია არიან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადების შეტანის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ორივე მათგანმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის და შესაბამისად, სებ-ის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება სამმა ვიცე პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. პარლამენტმა კი ეროვნული ბანკის საბჭოში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩია. საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები