ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა შორის ლადო პაპავა და მურად ნარსია არიან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადების შეტანის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ორივე მათგანმა დაუდასტურა.
აკადემიკოს ლადო პაპავას თქმით, განაცხადი ვადის გახანგრძლივების შემდეგ შეიტანა. მისი მოტივაცია კი ისაა, რომ აკადემიურ და საჯარო სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მივიღო კონკურსში. საბუთები შევიტანე მას შემდეგ, რაც გახანგრძლივდა ვადა. საბჭოს წევრის ადგილი არის პროფესიონალი ეკონომისტისთვის. უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს აკადემიურ და სამთავრობო სფეროებში მუშაობის, პოლიტიკურ ასპარეზზე და ეს ჩემი სფეროა“, - უთხრა ლადო პაპავამ BMG-ს.
სებ-ის საბჭოსთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე პაპავა ამბობს, რომ „აუცილებელია, სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი რეკომენდაციები ყურადსაღებია“.
თავის მხრივ, სეუ-ს ეკონომიკის დოქტორი, სერტიფიცირებული აუდიტორი მურად ნარსია ასევე ადასტურებს, რომ განაცხადი შეიტანა. მისი თქმით, სფეროს კარგად იცნობს, საბჭოში საკუთარ როლს კი ზედამხედველობის მიმართულებით ხედავს. როგორც ნარსიამ BMG-ს უთხრა, საბჭოს წევრობაზე მაღალი ინტერესია და მისი ინფორმაციით, საბჭოს წევრობა 30-მდე კანდიდატს სურს. რაც შეეხება სებ-ის საბჭოსთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, ნარსიას თქმით, „ბევრი რამაა შესაცვლელი“.
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე ვაკანსია 7 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 23 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, რამდენ აპლიკანტს სურს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა.
გასულ წელს, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის და შესაბამისად, სებ-ის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება სამმა ვიცე პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩია.