მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთის შერბილებით ნათია თურნავას ბანკების გულის მოგება სურს?! - დეპუტატი

რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე მონეტარული პოლიტიკის 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირების გამო, საქართველოს ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც მუდმივად ეროვნული ვალუტის გაუფასურების და ფასების ზრდის რისკის ქვეშ იმყოფება, მკაცრ და ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას საჭიროებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ეჭვობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით, ნათია თურნავა საფინანსო სექტორის „გულის მოგებას“ ცდილობს.

- მთავარი კითხვაა - რატომ დააჩქარა სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილება?! რა არის განმაპირობებელი მიზეზები - მაკროეკონომიკური ფაქტორები თუ ბანკების გულის მოგება, ვინაიდან, ბუნებრივია, ბანკებს უხარიათ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რადგან ფინანსურ რესურსს უფრო დაბალ პროცენტში მიიღებენ. ამდენად, გადაწყვეტილება ხომ არ არის ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფი ეროვნული ბანკის საბჭოს და ნათია თურნავას მხრიდან ბანკების მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა, ვინაიდან სებ-ს უკვე ერთი წელია პრეზიდენტი არ ჰყავს, რაც პრობლემაა; მით უმეტეს, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციაშიც არის ჩაწერილი, სებ-ის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.

- რატომ არ უნდა შეემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულ ბანკს, როცა ინფლაცია 1%-ზე დაბლაა და მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია?

- ინფლაცია რადგან დაბალია, მოდი, შევარბილოთ მონეტარული პოლიტიკა - არ არის სწორი მიდგომა; არ შეიძლება, გადაწყვეტილების მიღება მოკლევადიანი დაკვირვებების შედეგად, მით უმეტეს რეფინანსირების განაკვეთის გადაცემის მექანიზმი არის ხანგრძლივი...

- ეკონომისტების შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება კარგია, რადგან ის წაახალისებს ეკონომიკის ზრდასაც...

- ეროვნული ბანკის მთავარი საქმე არის ფასების სტაბილურობა და არა - ეკონომიკის ზრდა...

- ვერ დაგეთანხმებით - სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ისიც წერია, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას...

- სებ-ის ერთადერთი ამოცანაა ფასების სტაბილურობა და თუ ამ ფასების სტაბილრუობას მოჰყვება ლარის კურსის სტაბილურობაც, ესეც კარგია.

- და მაინც, რატომ არ უნდა შეერბილებინა სებ-ს მონეტარული პოლიტიკა, როცა რამდენიმე თვეა, ინფლაცია 1%-ზე დაბლაა?

- არ არის სწორი იაფი ფულის პოლიტიკა, თან როცა მუდამ ინფლაციის რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ 2021 წელს საქართველშოი ინფლაცია 15% იყო. სად იყო მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი?!

- ომი - არა, მაგრამ პანდემია იყო და მაშინ სულ გვესმოდა სებ-ის განმარტება, რომ ორნიშნა ინფლაციის მთავარი მიზეზი ეგზოგენური ფაქტორები იყო...

- პანდემია სხვაგან არ იყო?! 2021 წელს მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის საქართველო შედიოდა 18 ყველაზე უარეს ქვეყანას შორის, სადაც წლიური ინფლაცია ორნიშნა იყო. რუსეთ-უკრაინის ომმა კი, გააყოყოჩა ჩვენი მთავრობა - აი, ევროპაშიც მაღალია ინფლაციაო... ის, რომ დიდძალი ფული შემოვიდა რუსეთიდან, რამაც სავალუტო რეზერვების შევსება და ლარის გამყარება გამოიწვია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება და ამიტომ უნდა გავთმამდეთ და ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაცვლად იდეოლოგიურად იაფი ფულის პოლიტიკა გამოვაცხადოთ. ჩვენნაირი მოწყვლადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მუდამ ვართ ვალუტის გაფასურების და ფასების ზრდის რისკის ქვეშ. ამდენად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიხედოს თავის მთავარ ამოცანას - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას და სიტყვათა შეთანხმება ეკონომიკის სტიმულირება დაივიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები