მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეროვნული ბანკის დაცემა, აღზევება და ისევ დაცემა” - რომან გოცირიძე

პარლამენტი
BM. GE
24.09.23 11:05
214
სტატიაში საუბარია:

არასდროს ყოფილა საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი, მაგრამ ყველაფერი შეფარდებითია. ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, დემურ დვალიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს, ეს უწყება სრულიად უუფლებო იყო და ფაქტობრივად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკურ დანამატს წარმოადგენდა. ეროვნული ბანკის მძიმე შეცდომებმა და კორუფციამ ხელისუფლების ყველა სფეროში, კატასტროფული შედეგები გამოიღო. სამწუხაროდ, ამ შეცდომებს მოჰყვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თვითმკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დაიწყო ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ფორმირების მძიმე და მრავალწლიანი პროცესი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ორგანიზაციული და საკადრო კუთხით. ამაში უდიდესი როლი ითამაშეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, პირველ რიგში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. დემურ დვალიშვილის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა ნოდარ ჯავახიშვილი. მის დროს მოხდა მაშინდელი ეროვნული ვალუტის, კუპონის კატასტროფული გაუფასურება, ერთი დოლარი 3 მილიონი კუპონი გახდა და ინფლაციამ რამდენიმე ათას პროცენტს მიაღწია. მისი მმართველობა კორუფციული სკანდალებითაც იყო გამორჩეული, რომელიც ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების განიავებას უკავშირდებოდა და რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, იმ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობი ბიძინა ივანიშვილის რუსული ბანკის, “როსიისკი კრედიტის” დაფინანსებასაც. მიუხედავად ამ მოვლენებისა, ეროვნული ბანკი ნელ-ნელა იკრებდა ძალას და შედარებით დამოუკიდებლობას და პირველ რიგში ეს ნოდარ ჯავახიშვილის პიროვნული თვისებებისა და ჯიუტი ხასიათის დამსახურება იყო. 

ლირიკული გადახვევა 1 - ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა მე შევთავაზე ედუარდ შევარდნაძეს. შემდეგ ნოდარ ჯავახიშვილი შეცვალა ირაკლი მანაგაძემ. 

ლირიკული გადახვევა 2- ირაკლი მანაგაძე იყო ჩემი თანაშემწე, როცა ვიყავი მთავრობის ვიცე-პრემიერი და ჩემი რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა მსოფლიო ბანკში აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწედ (გვეკუთვნოდა იქ კვოტა როტაციით). სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობა გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მისი დანიშვნის მთავარი ფაქტორი. მანაგაძის პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. მიუხედავად ტოტალური კორუფციისა შევარდნაძის ხელისუფლების ყველა დონეზე, რისგანაც თავისუფალი არც ეროვნული ბანკი იყო, ეროვნული ბანკი მაინც ინარჩუნებდა გარკვეულ დისტანციას ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და სხვებზე მეტი ნდობით სარგებლობდა უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თვალში. სწორედ ამან განაპირობა ირაკლი მანაგაძის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში შემდგომი დასაქმება. 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ მე ვხდები ეროვნული ბანკია პრეზიდენტი. შემიძლია ვთქვა და ამას ნებისმიერი ობიექტური ადამიანი დაადასტურებს საბანკო სისტემიდან თუ ხელისუფლების შტოებიდან იმ შედარებით ხანმოკლე დროის მანძილზე, როცა მე ვიყავი ეროვნული ბანკის მმართველი, იგი იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე გავხდი ეროვნული ბანკის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ვადაზე ადრე მოუწია პოსტის დატოვება. გადავდექი იმის გამო, რომ აღმოვჩნდი დილემის წინაშე - ან ეროვნული ბანკის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება, როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილებების მიღება ან თანამდებობის დატოვება. ჩემი მაშინდელი კონფლიქტი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან სწორედ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ეხებოდა. მას, გარდა ინსტიტუციონალური, ასევე პირადი ინტერესები ამოძრავებდა და ცდილობდა კომერციულ ბანკებზე კონტროლის დამყარებას. ამავე დროს, ოცი ბანკიდან იგი სულ მცირე, სამ ბანკს აშკარად ლობირებდა( აქედან ერთი პირადად მას ეკუთვნოდა). მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელთან კონფლიქტით არ შემოიფარგლებოდა ეროვნული ბანკიდან ჩემი წამოსვლის მოტივი. არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება მქონდა ძალოვნებთან. ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდა კახა ბენდუქიძესთანაც. მისი საბოლოო მიზანი იყო ეროვნული ბანკის გაუქმება და მისი ტრანსფორმირება ჰონკონგის მსგავს ე. წ. “სავალუტო საბჭოდ”, ხოლო მოკლევადიანი მიზანი იყო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სისტემის გამოყოფა. ჩემი მმართველობის პერიოდში ეს რა თქმა უნდა არ დავუშვი, მაგრამ ჩემი გადადგომის შემდეგ ზედამხედველობის გამოყოფა მაინც შედგა. მხოლოდ რვა თვე იმუშავა დამოუკიდებლად ამ სამსახურმა და იმდენად არაეფექტიანი აღმოჩნდა, რომ კვლავ უკან დაუბრუნდა ეროვნულ ბანკს. მეორეჯერ ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა იგივე, შექმნა დამოუკიდებელი საზედამხედველო სამსახური, მაგრამ მან ერთი დღეც ვერ იმუშავა და საკონსტიტუციო სასამართლოს 

გადაწყვეტილებით კვლავ უკან დაბრუნდა ეროვნულ ბანკში. “გუნდური თამაში არ იცი. გვირჩევნია ეროვნულ ბანკს ნაკლებად კომპეტენტური ადამიანი მართავდეს, მაგრამ გუნდური თამაშის წესებს იცავდეს”. ეს იყო ერთ-ერთი გავლენიანი პირის ჩემთან საუბრის ბოლო სიტყვები, მას შემდეგ, რაც გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. თუ წაიკითხავს, გაახსენდება ალბათ მისი ეს სიტყვები. ჩემს შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა გიორგი ქადაგიძე. 

ლირიკული გადახვევა 3: გიორგი ქადაგიძე და არჩილ მესტვირიშვილი მე გადმოვიყვანე ეროვნულ ბანკში თბილისის მერიიდან და ჩავაბარე ყველაზე საპასუხისმგებლო სფეროები. შემდგომ ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მეორე ვიცე-პრეზიდენტი გახდა. წინააღმდეგობრივი იყო გიორგი ქადაგიძის საქმიანობის პერიოდი - ორი ხელისუფლების პირობებში უწევდა მუშაობა. ივანიშვილი არაერთხელ ეცადა მის განთავისუფლებას, მაგრამ საერთაშორისო ფაქტორებისა და შიდაპოლიტიკური გარემოებების გამო, ვერ მოახერხა მისი გაშვება. გიორგი ქადაგიძის პერიოდში გაიზარდა ეროვნული ბანკისადმი ნდობა. 

შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხდება კობა გვენეტაძე.  აქ ლირიკულად ვერსად გადავუხვევ. მის აღზევებაში არ მიმიძღვის რაიმე წვლილი. კობა გვენეტაძეს ქვეყნის საფინანსო სისტემაში მუშაობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა. მისი მთავარი კოზირი ის იყო, რომ მრავალი წელი მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში და სარგებლობდა ფონდის მხრიდან დიდი ნდობით და მხარდაჭერით. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთრად შემცირდა ე.წ. “ხაზარაძე-ჯაფარიძის” საქმეში ივანიშვილის დაკვეთის შესრულების შემდეგ. მისი მმართველობის დროს არ მომხდარა რაიმე სახის რეაგირება ფულის გათეთრების მიზნით შექმნილ “კალაძე-ივანიშვილ-გავრილოვის” “პროგრეს ბანკის” მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და შემდეგ ივანიშვილის მოთხოვნით ისე შეუერთდა ეს ბანკი სხვა ბანკს, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაიფარცხა. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, კობა გვენეტაძე არ აღმოჩნდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისათვის ბოლომდე სანდო და სასურველი პირი. განსაკუთრებით არ მოსწონდათ მისი სავალუტო ფონდთან კავშირები. ივანიშვილის გარემოცვაში მსგავს პირებს “ამერიკის აგენტებად” მოიხსენიებენ. მაგალითად, ამ ეპითეტით მაშინაც კი დაუფარავად ამკობდნენ თამარ ჩუგოშვილს პარლამენტში, როცა იგი ჯერ კიდევ “ოცნებაში” იყო და საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა.  

დღევანდელი დღე: ეროვნულ ბანკში უნდა მომხდარიყო კლანური გადატრიალება და ბანკს სათავეში ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩადგომოდა. მისი დანიშვნა სკანდალების ფონზე ჩაიშალა, მაგრამ ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად და მის დროებით მმართველად ნათია თურნავა მოგვევლინა. მან 30 წლის განმავლობაში ნაშენები ნდობა და რეპუტაცია 30 წამში ჩამოშალა.

ბოლო ლირიკული გადახვევა-უნივერსიტეტში ჩემი პირველი პრაქტიკა ლექტორის დარგში იმ ჯგუფში შედგა, რომელშიდაც ნათია თურნავა იყო სტუდენტი. ძალიან კარგი სტუდენტი იყო. მის პროფესიონალიზმში არც დღეს ეპარება ვინმეს ეჭვი. მისი მთავარი პრობლემა ყველა ხელისუფლების მორჩილი მსახურება იყო. სწორედ ამან დაღუპა. როგორც იტყვიან, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს. რიგით მესამე ხელისუფლება მისთვის ფატალური აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ფატალური აღმოჩნდა ეროვნული ბანკისთვისაც. ამ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის ამ შემადგენლობით, იგი ვერასდროს გახდება მცირედით დამოუკიდებელიც კი. ჩემი პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი საფინანსო სისტემას(მთავრობის ვიცე-პრემიერი, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი) უკავშირდება. ეს არის დროის 30 წლიანი პერიოდი. ყველაფერმა ჩემ თვალწინ და ხშირ შემთხვევაში ჩემო მონაწილეობით ჩაიარა. სისტემაში ასეთი ღრმა კრიზისი დიდი ხანია არ გვქონია. ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის ხელისუფლების ცვლილება. მანამდე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი შევარდნაძის პერიოდის დონემდე იქნება დაცემული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები