მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: ქადაგიძე არის ცნობილი „საბოტაჟნიკი“... გვენეტაძეზე არ მინდა საუბარი

648a2965d827f
თელარა გელანტია
15.06.23 00:54
1377
სტატიაში საუბარია:
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებისთვის ვეტოს დადების გამო საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს.

„საპრეზიდენტო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასე შემდეგ, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია“, - თქვა მან საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“.

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებების საჭიროება და შემდეგ ვეტოს დაძლევა იმით ახსნა, რომ ინფლაციასთან თუ ეროვნული ვალუტის რყევებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, კრიტიკის ობიექტი ხელისუფლება ხდება, ამიტომ მმართველ გუნდს გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან კომპეტენტური, დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ თემაზე საუბრისას სებ-ის ყოფილი პრეზიდენტები გიორგი ქადაგიძე და კობა გვენეტაძეც გაიხსენა.

„ჩვენ გვქონდა სავალუტო კრიზისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვქონდა ასევე ინფლაციის პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც იყო კონკრეტული ეჭვები, შენიშვნები. თავის დროზე, ნაციონალი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მაშინ მართალია, იყო გლობალური ვითარებაც პრობლემური ლარის კურსის კუთხით, ანუ სავალუტო კრიზისი იყო ზოგადად რეგიონში, მაგრამ იყო ეჭვი, რომ ქადაგიძე ამას ხელოვნურად წაახალისებდა. ქადაგიძე არის ცნობილი „საბოტაჟნიკი“, დღესაც აგრძელებს თავის შესაბამის პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვეულებრივი აგენტი იყო და პირდაპირ იყო დაკავებული საბოტაჟით. გვენეტაძეზე არ მინდა საუბარი. გუნდის კონკრეტულ წევრებს ჰქონდათ შენიშვნები ეროვნული ბანკის კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც განაპირობებდა იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, ვიდრე რეგიონის ან ევროპის სხვა ქვეყნებში. ამაზე იყო შენიშვნები, მაგრამ ამაშიც არ მინდა შესვლა. აქ საუბარი არ არის გუნდის წევრობაზე, მაგრამ პარლამენტი რატომ არის ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ ელემენტარული გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან კომპეტენტური პირები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, წამყვანის შეკითხვაზე, „პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში წარადგენს ორ კანდიდატს, რატომ არ დაელოდეთ და რატომ დაძლიეთ ვეტო“, კობახიძემ განაცხადა:

„ამ კანდიდატებს თუ წარმოადგენს კონსულტაციების გარეშე, ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი. ამდენი ხანი გვეუბნებოდა, ლაშა ხუციშვილს წარმოვადგენო და სამჯერ გადაგვაგდო. ახლა რა გარანტია გვაქვს. ამიტომ დავძლიეთ ვეტო. ასეც და ისეც მოგვარდება ინსტიტუციური კრიზისი, პრობლემა აღარ შეიქმნება და შემდეგ, წარმოადგინოს. ფაქტია, ვიდრე ჩვენ ვეტო არ დავძლიეთ, მანამდე საუბარიც კი არ იყო კანდიდატების წარმოდგენაზე. პირიქით, გვითხრა, რომ წლის ბოლომდე არ აპირებდა კანდიდატების წარდგენას. არც იფიქროთ ამაზეო. მე ეს ინფორმაცია მაქვს, ასეთი უხეში ფორმით იყო საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მეტყველებს უდიერ დამოკიდებულებაზე ეროვნული ბანკის ინსტიტუტის მხრიდან. ჩვენ გვინდა, ეროვნულ ბანკში იყოს კომპეტენტური, დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი.

არავის ახსოვს არც ქადაგიძე, არც გვენეტაძე. როდესაც პრობლემები იყო ინფლაციასთან და დევალვაციასთან დაკავშირებით, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით, ვისკენ იშვერდნენ ხელს, ეს იყო „ქართული ოცნება“. არც ქადაგიძე, არც გვენეტაძე, არც ეროვნული ბანკი. ყველას ახსენდებოდა მმართველი გუნდი. მართლა ასეა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში არ იყოს ეკონომიკური პრობლემები, ლარის კურსი იყოს მყარი და ინფლაციის კუთხით არ იყოს პრობლემები. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს მმართველი გუნდის ინტერესი. ხალხი ჩვენკენ გამოიშვერს ხელს, თუ ეროვნული ბანკის მიერ წარმართული პოლიტიკა არ იქნება რაციონალური. ამიტომ, მმართველი გუნდის ინტერესი უნდა იყოს სათანადოდ გათვალისწინებული, როცა შეირჩევიან ეროვნული ბანკის საბჭოსთვის კომპეტენტური კადრები. აქ გასაკვირი არაფერი არ არის, პირიქით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

„ეროვნული ბანკის შეახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, სებ-ში შემოდის ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს. კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნებიდან“ ამის საჭიროებას ხსნიდნენ იმით, რომ დღეს მოქმედ ორგანულ კანონში ხარვეზია და მკაფიოდ არ წერია, ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, როდესაც არაა პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები