მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გიორგი მარგველაშვილი ჭკვიანურად მოიქცა“ - რას ურჩევს რომან გოცირიძე პრეზიდენტს?

63f871a6f2b4d
თელარა გელანტია
24.02.23 23:55
1295
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო. "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია,"- წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლებოდა. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

"პრეზიდენტის ვეტო სერიოზული პოლიტიკური აქტია" - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დეპუტატმა და სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და იქვე დასძინა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას მოინდომებს, მან კიდევ ერთხელ უნდა დაასაბუთოს, აღნიშნული ცვლილებების საჭიროება.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, თავისი წინამორბედის გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას მიმართოს და სებ-ის პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ღია კონკურსი გამოაცხადოს.

„გიორგი მარგველაშვილიც ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც დღეს სალომე ზურაბიშვილია - რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წნეხი მასზეც იყო, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი დაინახა და მიხვდა, რომ ვიღაცას დაანიშნინებდნენ სებ-ის პრეზიდენტად, ის ძალიან ჭკვიანურად მოიქცა - შექმნა დიდი კომისია შექმნა, რომლის წევრიც მეც ვიყავი (მაშინ დეპუტატი არ ვიყავი) და გამოაცხადა ღია კონკურსი, სადაც არაერმა პროფესიონალმა, პროფესორმა შემოიტანა განაცხადი და მთავრობამ დიანახა, რომ თავის კლერკს ვერ დანიშნავდა. ამის გამო, მთავრობამ თავადაც დაიწყო სებ-ის პრეზიდენტის კანდიდატურის ძებნა და ასე ჩამოიყვანა კობა გვენეტაძე“, - თქვა რომან გოცირიძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში რომან გოცირიძემ ისიც გაიხსენა, რომ მაშინ, 7 წლის წინ კობა გვენეტაძე 10 ქულით შეაფასა.

„მთავარი ისაა, რომ მთავრობა იძულებული გახდა, ისეთი კანიდატურა მოეძებნა, რომელიც მისაღები იქნებოდა კომისიისთვის, საზოგადოებისთვის და გიორგი მარგველაშვილისთვისაც; მაშინ მე კობა გვენეტაძეს 10 ქულ დავუწერე.
ამდენად, დღეს მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს - შექმენით კომისია, გამოაცხადეთ ღია კონკურსი და ბევრი კანდიდატურიდან ამოარჩიეთ ისეთი, რომელიც იქნება სებ-ის პრეზიდენტი და ექნება ნდობა და მხარდაჭერა როგორც საზოგადოების, კომისიის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერ მოახვევენ თავს მთავრობის კანდიდატურას - ამით დაიწყება სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე მთავრობის კანდიდატურის დაბლოკვა“, - აცხადებს დეპუტატი.

ცნობისთვის: ორი მარტიდან კობა გვენეტაძე სებ-ის პრეზიდენტი აღარ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები