მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრეზიდენტის ვეტო სერიოზული პოლიტიკური აქტია" - დეპუტატი სებ-ის კანონზე

63f7c8eb0c5eb
ალა ისპირიანი
24.02.23 00:15
1106
სტატიაში საუბარია:

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო. "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია," - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლებოდა. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

პრეზიდენტის შეფასებით, ჩნდება ეჭვი, რომ თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო სერიოზული პოლიტიკური აქტია და თუ ხელისუფლება ვეტოს დაძლევას მოისურვებს, საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ უნდა დაასაბუთოს, რატომაა საჭირო აღნიშნული ცვლილებები. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას ისაუბრა.

„პრეზიდენტის ვეტო სერიოზული პოლიტიკური აქტია, რომელსაც დაძლევა სჭირდება. უნდა გაჯიუტდეს საპარლამენტო უმრავლესობა და ხელახლა მიიღოს ეს კანონი. კიდევ ერთხელ შეეცადოს დაასაბუთოს, რატომ კეთდება ეს და შემდეგ ბუნებრივია მთელი ეს თემები რაც ამ პროცესის უკან დგას, ხელახლა წამოიწევს და ხელახლა იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ამას სავალუტო ფონდიც ყურადღებაც მიაქცევს. რადგან სავალუტო ფონდმა ძალიან წვავე და კრიტიკული განცხადება გაავრცელა. იშვიათად კეთდება სეთი განცხადება. სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციაა რომელზეც დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის ბედი. მის განცხადებას უყურებენ ინვესტორები და ეს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის სიგნალს იძლევა და შემდეგ განსაზღვრავს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ტრენდს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე- რატომ გაჯიუტდა პრეზიდენტი? - გოცირიძემ თქვა, - გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ქვეყანაში მაკროეკონომიკურ დესტაბილიზაციაზეა პასუხიმგებელი, „ამდენ დამცირებასაც საზღვარი აქვს.“

„სალომე ზურაბიშვილს პირველმა მოვუწოდე, რომ ვეტო დაედო. „ფეისბუქ“ პოსტით ვუთხარი, რომ ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს ის შეცდომები, რაც მან ჩაიდინა. შევახსენე, რომ მისი „დამსახურებაა“ მისი ბრალიცაა სადამდეც მივედით. დღეს ეროვნულ ბანკში კლანური გადატრიალება ხდება. არასდროს ეროვნული ბანკის 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ის არ მომხდარა რაც ახლა ხდება. ახლა ივანიშვილს კლანმა ღარიბაშვილის მეთაურობით მოინდომებს ხელში ჩაიგდოს ეროვნული ბანკის ყველა მიმართულება სალომე ზურაბიშვილის ხელით. რადგან ეროვნული ბანკი ის ორგანოა, რომლის მართვაშიც პრეზიდენტის გარდა ვერავინ ჩაერევა.

პრეზიდენტი გაჯიუტდა, რადგან ამდენ დამცირებასაც საზღვარი აქვს და ასევე ბევრმა შეახსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მაკროეკონომიკური დესტაბილიზაციისა, რაც ქვეყნის ბედს წყვეტს. არ შეიძლება კლანმა იგდოს ყველაფერი ხელში. ეს ძალიან საშიში პროცესია. სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუფასოთ რომ თავისი შეცდომის ნაწილობრივ გამოსწორება დაიწყო“, - განაცხადა გოცირიძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები