ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სამთავრობო პროგრამა - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. მთავრობამ დღეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა დაანონსა. პროექტის მიხედვით, მთავრობა კერძო სექტორს, დაახლოებით, 300 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას და აქტივებს შესთავაზებენ.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მათ შორის გასაყიდად გამოდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "არასტრატეგიული მნიშვნელობის" 10 საწარმოს წილი.
"ვიწყებთ არასტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას. საუბარია საწარმოებზე, რომლებიც არ არიან სტრატეგიული მნიშვნელობის და ისინი გაიყიდებიან, რათა მათი ეფექტიანობა ამაღლდეს. პირველი 10 საწარმო უკვე არის შემოთავაზებული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სახელმწიფო ქონების სააგენტოს მფლობელობაში ამჟამად სულ 106 საწარმო იმყოფება, ამ საწარმოების უმეტესობა მცირე ზომისაა და არაერთი მათგანი საქმიანობას არ ახორციელებს. ამ კომპანიების შერწყმა-ლიკვიდაცია უკვე არაერთი წელია, რაც მიმდინარეობს.
bm.ge არკვევს, რომელი 10 საწარმო გამოაქვს მთავრობას საპრივატიზაციოდ და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.