მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 წელში წინანდლის მამულის ვიზიტორთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა - „სილქ როუდ ჯგუფი“ შედეგებზე

63b42e9125867
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.23 23:50
828
„სილქ როუდის“ უძრავი ქონების დირექტორის მამუკა შურღაიას ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში წინანდლის მამულის ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 10-ჯერ გაიზარდა.

BMGtv-ის რუბრიკა „თიბისი კონცეპტში“ მამუკა შურღაიამ აღნიშნა, რომ წინანდლის ისტორიულ მამულში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემდეგ ინტერესი გაიზარდა და ჯგუფი არსებულ პროექტებზე გაჩერებას არ აპირებს.

„გიორგი რამიშვილის დამსახურებაა ის, რომ წინანდალი დღეს ისეთია, როგორიც არის. „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ წინანდლის მამულისა და მუზეუმის მართვაში აღების შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა. თუ მაშინ წლის განმავლობაში მამულს დაახლოებით 10 000 ადამიანი სტუმრობდა, დღეს ამ რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

ამ პერიოდში ჩვენ ავაშენეთ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Collection, რომელიც რეგიონის წარმატების სიმბოლოა, დავიწყეთ ვილების მშენებლობა და კიდევ ძალიან ბევრი იდეები გვაქვს. ჭავჭავაძეების მამულში ვაკეთებთ ღვინოს და ავაღორძინეთ ვენახები. ამით ძალიან ვამაყობთ.

სასტუმროს გახსნის შემდეგ პანდემია ძალიან სწრაფად დაიწყო და ვფიქრობთ, Radisson Collection-მა ის პოტენციალი, რაც მას აქვს, ჯერ კიდევ ვერ აჩვენა, ამიტომ 2023 წელს ძალიან ველით”, - აღნიშნა მამუკა შურღაიამ.

"სილქ როუდის" უძრავი ქონების დირექტორმა წინანდლის მამულში დაწყებულ ახალ პროექტზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ვილა პროექტის მოდელს წარმოადგენს და ის კომპანიამ მართვაში Radisson Collection-ს გადასცა, რითაც ვილების სასტუმროს მიერ ვილების მართვის გამოცდილების მაგალითიც გააჩინა.

მისი ინფორმაციით, წინანდლის მამულში 22 ვილის აშენებაა დაგეგმილი, რომლებსაც მფლობელები ინტერესის შემთხვევაში მართვაში სასტუმროს გადასცემენ.