მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაზილბე" აჭარაში ორ პროექტს ახორციელებს - ინვესტიცია ₾17 მლნ-მდეა

62ea0ebe9a06e
მარიამ იზორია
03.08.22 10:31
13980
კომპანია „ნაზილბე“, რომელიც აჭარის რეგიონში ამავე სახელწოდების სუპერმარკეტის ქსელ „ნაზილბეს“ ბრენდით ოპერირებს, განვითარებას განაგრძობს.

ამჟამად კომპანია რეგიონში ორ ახალ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით, 17 მილიონი ლარია.

კერძოდ, კომპანია ქობულეთში 4-სართულიან სავაჭრო ცენტრს აშენებს - საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 2 მლნ ლარი. როგორც bm.ge-ს „ნაზილბეს“ სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მირანდა ბერიძემ განუცხადა, ქობულეთში სავაჭრო ცენტრის პირველი სართული ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს, დასრულებულ სახეს კი 2023 წლიდან მიიღებს.

"ქობულეთის სავაჭრო ცენტრი ოთხ სართულს გააერთიანებს. ქვედა სართულზე სუპერმარკეტის პროდუქცია იქნება განლაგებული, პირველ სართულზე - ტექნიკა, მეორეზე საყოფაცხოვრებო ნივთები, მეოთხეზე კი - აფთიაქი, კაფე; ამასთან, ჩვენი წარმოების საკონდიტრო და სხვა ნაწარმი. ამავე სართულზე ბავშვთა გასართობი ცენტრის მოწყობაც განიხილება. ქობულეთში 1 მლნ ლარის ხარჯი უკვე გავწიეთ, დაახლოებით, ამდენივე ჩაიდება დამატებით“, - გვიყვება კომპანიის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, „ნაზილბე“ ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში 15 მლნ ლარის ინვესტიციას დებს. ბიზნესპროექტის თანახმად, ადგილზე ქალაქის ტიპის სავაჭრო სივრცე მოეწყობა.

„42 000 კვადრატული მიწა აუქციონზე უკვე შევიძინეთ, თუმცა ეს შედარებით გრძელვადიანი პროექტია, რომელიც რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. გვინდა, ადგილზე ღვინის, პურის, რძის პროდუქტების წარმოება დავიწყოთ, განვათავსოთ შიდა წარმოების კუთხეები დეგუსტაციისთვის. ამავე პროექტის ფარგლებში, სპორტული კომპლექსი, კაფე-რესტორნები მოეწყობა. ბენზეში ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 15 მლნ ლარამდე იქნება“, - ამბობს მირანდა ბერიძე BMG-სთან ინტერვიუში და საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენსა და ბანკს შორის თანამშრომლობა ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო; მიმდინარე პროექტებში მათი მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ პარტნიორობას. გარდა იმისა, რომ ბანკისგან ჩვენს საჭიროებებზე მორგებული პირობები გვაქვს, კომპანიის საინვესტიციო პორტფელში „საქართველოს ბანკის“ ფინანსურსი მხარდაჭერის წილი თითქმის 22%-მდეა“, - ამბობს „ნაზილბეს“ სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტმანეტის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის: „ნაზილბეს“ დამფუძნებლებმა ბაზარზე ოპერირება 2014 წელს მცირე მაღაზიით დაიწყეს, 2016 წელს კი ბიზნესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. კომპანია ამ დროითვის აჭარის რეგიონში, კერძოდ, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში 17 ფილიალს აერთიანებს. 2023 წლიდან კი, მაღაზიის გახსნა თბილისში იგეგმება.

კომპანიის მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ „ნაზილბეს“ უპირატესობა დაბალ ფასებში მდგომარეობს.

„თუ სხვა სუპერმარკეტებში ფასნამატი 25%-მდეა, ჩვენთან საყოფაცხოვრებო ნივთებზე 12, სურსათზე კი 7-8%-ია. მომხმარებლისთვის დაბალი ფასის შეთავაზებას ვახერხებთ, რადგან ობიექტი მეტ მომხმარებელზეა გათვლილი. სხვა ქსელების დატვირთულობა თუ დღეში 1000 ადამიანია, ჩვენთან 2000-ია, ასევე გვაქვს მომწოდებლებისგანაც სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერაც", - ამბობს მირანდა ბერიძე.