მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფურმა, ფაქტობრივად, 21 000 ლარი წაგვართვა“ - „სანდომი“ "კარფურს" უჩივის

608186c1d3d1b
ელენე გოგბერაშვილი
24.04.21 23:59
2376
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც "კარფურს" სასამართლოში უჩივის, საკონდიტრო საწარმო „სანდომია“. ჯამში, ამ დროისთვის საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ დავა დაწყებული აქვს 8 ქართულ კომპანიას და რამდენიმე კიდევ სარჩელს ამზადებს.

„სანდომის“ მხრიდან "კარფურის" წინააღმდეგ დაწყებული დავის საგანი, საერთაშორისო ბრენდის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე კომპანიისთვის დაკისრებული თანხებია.

როგორც „სანდომის“ დამფუძნებელი მერაბ ვასაძე BM.GE-სთან აცხადებს, "კარფურის" მხრიდან ადგილი ჰქონდა თვითნებურად, მათი თანხმობის გარეშე, ყოველი ახალი მაღაზიის გახსნისას ავტომატურად მათთვის ქსელში დაშვებისთვის გადასახადის დაკისრებას.

ბიზნესმენის ნათქვამიდან ირკვევა, რომ ორენოვანი ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის დგება, შინაარსობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, რასაც "კარფური" თავის სასარგებლოდ იყენებს. გარდა იმისა, რომ კომპანიებს პროდუქციის ქსელში დაშვებისთვის სოლიდური თანხის გადახდა უწევთ, ასევე ე.წ. მარკეტინგული გადასახადიც ეკისრებათ. 

მერაბ ვასაძე ჩვენთან საუბარში დეტალურად განმარტავს იმ სქემას, რაც საერთაშორისო ბრენდმა მათ შემთხვევაში გამოიყენა.

"2017 წელს, როცა დავიწყეთ "კარფურთან" თანამშრომლობა, პირველი, რაზეც შევთანხმდით, ქსელში შესვლის ერთჯერადი ღირებულება იყო, რომლის ნაწილსაც მარკეტინგულში ჩაგვითვლიდნენ და ასევე ე.წ ქეშბექში. შესვლის ღირებულება დიდი თანხა იყო, თუმცა როცა გავაკეთეთ ფინანსური გაანგარიშება, ჩავთვალეთ, რომ გვიღირდა, რადგან ეს იყო ერთჯერადად გადასახდელი თანხა.

მეორე წელს, როცა მივედით "კარფურთან" ხელშეკრულების განსაახლებლად აღმოჩნდა, რომ შესვლის ღირებულების გარდა, რომელიც გადახდილი გვქონდა, მოგვთხოვეს მარკეტინგული თანხა, რაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე შესვლის ღირებულება. ანუ თანხა, რომელსაც "კარფური" გვთხოვდა, მაინც ერთი და იგივე იყო. ეს შესვლის დროს რომ გვცოდნოდა, ამაზე არ დავთანხმდებოდით და მათ ქსელში არ შევიდოდით. იძულებული ვიყავით, თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა.

"კარფურმა" გვაიძულა ასევე "მერჩენდაიზერები" ანუ გამყიდველები ყოფილიყვნენ ჩვენი წარმომადგენლები, რომელთა ხელფასიც კომპანიისთვის დიდი ხარჯია.

გავიდა კიდევ ერთი წელი და "კარფურის" წარმომადგენელმა დარეკა და გვითხრა, ხელი მოგვეწერა ხელშეკრულებაზე, რომ არაფერს ცვლიდნენ, მხოლოდ 1%-ს დავამატებთ მომსახურებაზე, რომ უკეთესად იმუშაოთო. დავთანხმდით, რადგან მაინც "კარფური" იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების ინგლისურ ვარიანტში, ერთ-ერთ მუხლში, რომელსაც ყურადღებას არ მივაქცევდით, რადგან საუბარი იყო ისეთ რამეზე, რომელიც წარმოუდგენელი იყო დაგვერღვია, ჩაამატეს, რომ მარკეტინგული გადასახადი, რომელიც წინა წელს 6,5% იყო, ახლა მინიმალური უნდა ყოფილიყო 78 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი გამოტოვებული იყო ხელშეკრულების ქართულ ვარიანტში.

როდესაც წელი დამთავრდა, იანვარში სიურპრიზად მივიღეთ, რომ ეს მარკეტინგული ბიუჯეტი, რომელიც ვერ გავხარჯეთ, უნდა გადაგვეხადა "კარფურისთვის" - ზედმეტი 15-16 ათას ლარამდე და კიდევ ერთი, ბათუმში ახლადგახსნილ მაღაზიაში შესვლის თანხა, რომელშიც ერთხელ შევიტანეთ პროდუქცია შეცდომით და იმ დღესვე უკან გამოვიტანეთ. საბოლოო ჯამში, 21 ათასი ლარი, ფაქტობრივად, წაგვართვეს“, - აცხადებს ვასაძე.

მისი თქმით, "კარფური" არც ტელეფონის ზარებზე და არც წერილზე პასუხობს. იმის გამო კი, რომ ხელშეკრულებით შეთანხმების გარეშე პროდუქციის მიწოდებას ვერ შეწყვეტდნენ, საქმის გარკვევის მიზნით შეხვდნენ ბრენდის წარმომადგენელს, სადაც უთხრეს, რომ თანხას ვერ დაუბრუნებდნენ, თუმცა "რამეში გაუქვითავდნენ და მიეხმარებოდნენ".

„დავფიქრდით; ვიფიქრეთ, მოდი, კიდევ დავრჩეთ, რა უნდა შეგვეშალოს მეტი, რომ კიდევ ასეთი პრობლემა შეგვექმნას-მეთქი. გვკითხეს, რატომ ვამბობდით ბათუმის ფილიალში შესვლაზე უარს. ვთქვით, რომ 5 ათასის გადახდა მაღაზიაში შესვლაში, როცა ობიექტი 3 ათას ლარს ვერ ივაჭრებდა, არ გვიღირდა. გვითხრეს, აგვერჩია 4 მაღაზია და ამ შემთხვევაში შესვლის ღირებულება  3 ათასი იქნებოდა.

ხელშეკრულებაშიც ჩაწერეს 4 მაღაზია, სადაც გვინდოდა შესვლა; მითითებული იყო ასევე, სადაც უნდა შევსულიყავით, რისი საფასურიც იყო 12 ათასი ლარი, ჯამში. ეს თანხა გადავიხადეთ და იანვარში, როცა ველოდებით თანხას, კუთვნილი თანხა ვერ მივიღეთ. მოგვიანებით ანგარიშფაქტურა მივიღეთ, სადაც გადასახდელი გვაკისრია 60 ათასი და პლიუს დღგ. "კარფურმა" გვითხრა, რომ ეს არის იმ მაღაზიებში შესვლის თანხა, რომელიც გავხსენით და უნდა შემოსულიყავითო. ამის შემდეგ დაიწყო დავა "კარფურთან", რადგან ჩვენ ამ თანხას  არ ვეთანხმებით.

ვისაც ვიცნობ, იგივე სიტუაციაშია. "კარფური" იყენებს ასეთ პრაქტიკას, რომ ჩვენს თანხას ჩვენსავე დაუკითხავად თუ უნდა - მოგვცემს, თუ უნდა - არა. არანაირი კანონი ჩვენ არ გვიცავს“, - აცხადებს მერაბ ვასაძე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "კარფურს" ქართული კომპანიები უკანონობაში ადანაშაულებენ. სამწუხაროდ, "კარფური" მათ ბრალდებებს არ პასუხობს.