მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთი ჩანაწერი გამოიწვევს სახელმწიფოსთან დავას“ – „მაგთიკომი“

63a4726b60bca
ელენე გოგბერაშვილი
22.12.22 21:25
1065
კომპანია „მაგთიკომი“ არ გამორიცხავს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის დაწყება მოუწიოს. კომპანიის იურისტის განმარტებით, ამის წინაპირობას „ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტში არსებული ის ჩანაწერი იძლევა, რომელიც განსაზღვრავს, ვინ შეიძლება იყოს სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის პასიურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის მიმღები.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, ტელეკომოპერატორებს უფლება ეძლევათ სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის უკვე არსებული ინფრასტრუქტურა გამოიყენონ. ეს შეიძლება იყოს მაგალითად განათების ბოძები. სანაცვლოდ მათ ამ ინფრასტრუქტურის მფლობელს დაშვების საფასური უნდა გადაუხადონ. სწორედ ამ ნაწილში აქვს კომპანია "მაგთიკომს" პრეტენზია.

საქმე ის არის,რომ 2012 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანია „დელტაკომმა“ ქალაქის ბოძებზე დაშვების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ამ კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი კი 2016 წელს „მაგთიკომი“ გახდა.

კომპანია „მაგთიკომის“ იურისტი ამბობს, რომ ისინი ინფრასტრუქტურაზე სხვა ტელეკომოპერატორების დაშვების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა თუ კანონპროექტში არსებული ჩანაწერით დაშვების საფასურს ამ ინფრასტრუქტურის მფლობელი, კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის მერია მიიღებს და არა მაგთიკომი, ეს გახდება საფუძველი კომპანიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ შორის საერთაშორისო დონეზე იდავოს. კომპანია ითხოვს კანონპროექტმა გაითვალისწინოს მინიმალური სტანდარტი, რითაც მათი უფლებების შელახვა გარკვეულწილად დაკომპენსირებული იქნება.

„არსებული ჩანაწერი ითვალისწინებს „დელტაკომსა“ და თბილისის მერიას შორის არსებული ექსკლუზიურ უფლებასთან დაკავშირებით ჩარევას. როცა წარმოდგენილი ფორმულირება გულისხმობს, რომ ინფრასტრუქტურის მესაკუთრე არის ვალდებული დაშვება განახორციელოს და ეს ვალდებულება აქვს მერიას, თავის მხრივ მერია შეზღუდულია იმ პირობით, რომ ეს უფლება კანონით, ექსკლუზიურად გადაცემული აქვს დელტაკომისთვის. კონფლიქტი არსებობს ამ ორ საკითხს შორის. მერიას მოუწევს შეასრულოს კანონის მოთხოვნა, რაც შინაარსობრივად გულისხმობს იმას, რომ ჩვენს შორის წარმოიშობა დავა.

"დელტაკომს" საკმაოდ დიდი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. "დელტაკომის" შეძენა "მაგთის" მხრიდან განხორციელდა ამ უფლების შეფასების საფუძველზე. ეს უფლება საკმაოდ ძვირად იქნა შეფასებული. ჩვენი სურვილი არანაირად არ არის დავა გვქონდეს სახელმწიფოსთან, თუმცა ასეთი ჩანაწერი გამოიწვევს აუცილებლად მათ შორის საერთაშორისო დავას სახელმწიფოსთან.
ჩვენ მზად ვართ, ყველას ჰქონდეს დაშვება ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ჩვენ გვინდა მინიმალური სტანდარტი იყოს კანონში ასახული, რის გამოც ჩვენი უფლების შელახვა გარკვეულწილად იქნება დაკომპენსირებული.

რასაც ვთავაზობთ არის ის, რომ უნდა იყოს გზა, სადაც თუ ექსკლუზიური უფლების მქონე სუბიექტს ექნება ვალდებულება დაუშვას მსურველი პირი ინფრასტრუქტურაზე, ის მიიღებს შესაბამისი დაშვების საფასურს“,-აცხადებს ლევან გიორგაძე.

„ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში შედგა, თუმცა როგორც გაირკვა, კომიტეტი "მაგთიკომის" წინადადების გაზიარებას არ აპირებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განმარტა, ახალი კანონი მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობებში ვერ შევა.

„თუ ასეთი ხელშეკრულება [ექსკლუზიური] არსებობს, თვითონ უნდა მოილაპარაკონ მხარეებმა. როგორ მოილაპარაკებს მფლობელი და მესამე პირი, კანონი ამ ტიპის სახელშეკრულებო პირობებში ვერ შევა“,- აცხადებს დავით სონღულაშვილი.

საკომიტეტო განხილვაზე შეთანხმდნენ, რომ პლენარულ სესიამდე კანონპროექტის სადავო მუხლთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. კანონი ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. მისი ამოქმედების შემდეგ წარმოშობილი სადავო საქმეების განხილვის უფლებამოსილება კი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები