მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრო და ღვინის ტურიზმში ჩართული მცირე ბიზნესისთვის შესაძლოა საგადასახადო შეღავათები ამოქმედდეს

აგროტურიზმი

მიმდინარე წლის გაზაფხულზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აგრო და ღვინის ტურიზმში ჩართულ პირებს  საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" უნდა შევიდეს. წარდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, შეღავათით მხოლოდ ის პირები ისარგებლებდნენ, რომელთა წლიური შემოსავალი 500 ათას ლარს არ აღემატებოდა. 

როგორც დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ცნობილი გახდა საკანონმდებლო ცვლილებების არსებული რედაქცია დაკორექტირდა. უფრო კონკრეტულად კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდებიან აგრო  და ღვინის ტურისტული სუბიექტების მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, იმ შემთხვევაში თუ წლიური შემოსავალი არა ნახევარ მილიონ ლარს,  არამედ 700 000 არ აღემატება. 

“დღეს მცირე ბიზნესი იბეგრება 1%-ით თუ შემოსავალი 500 000 ლარამდე აქვს, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში თუ წლიურ 500 000 ლარიან შემოსავალს აღემატება მაშინ უქმდება ეს და თუ მხოლოდ ერთჯერადად აღემატება წლიური შემოსავალი მაშინ ბიზნესი 3%-ით იბეგრება. ასე ხდება დღეს. 

იმ შემთხვევაში როცა მიენიჭება ბიზნესს ღვინის ან აგრო ტურიზმის სტატუსი ეს ზღვარი, რომელიც არის 500 000 ლარამდე მცირე ბიზნესისთვის, მათთვის, რომელიც ოპერირებს ღვინის და აგრო ტურიზმში წესდება 700 000 ლარიანი ზღვარი. ზღვარი იზრდება, პრინციპი იგივე რჩება,”- ამბობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. 

ოპოზიციის ნაწილი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების წინააღმდეგია, რადგან მათი აზრით, გაუგებარია, რატომ მოხდა კონკრეტულად ამ ორი სექტორის შერჩევა და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება. რომან გოცირიძე თვლის, რომ ამას ხელშესახები შედეგი არ ექნება. 

“საგადასახადო კუთხით თეორიის კონცეფციის დონეზე დარგების გამოყოფა არის და როცა რომელიღაც ჩინოვნიკის ნებაზეა დამოკიდებული პრიორიტეტის განსაზღვრა არასწორი. ეს თეორიულად, პრაქტიკულ დონეზე არაფრის მომტანია, პირიქით აზიანებს ამ დარგს. 

ეს კანონპროექტი კახელების მომზადებულია, ახლა ავდგებით და მეგრელები მოვამზადებთ თხილის სექტორისთვის კანონპროექტს და მოიყვანონ არგუმენტები. რამდენი პარლამენტარია მეგრელი და ვაჩვენებთ, როგორ უნდა თხილის დაჩაგვრა,”- ამბობს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე. 

პარლამენტში აგრო და ღვინის ტურიზმის სექტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე მსჯელობა ტურიზმის კანონის განხილვის პარალელურად იგეგმება. პროექტის მიხედვით, შეღავათით ის ბიზნესები ისარგებლებენ,  რომლებიც სახელმწიფოსგან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების სტატუსს მიიღებენ. წინასწარი ინფორმაციით ტურიზმის შესახებ კანონში აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განსაზღვრებაც უნდა გაჩნდეს. აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის საქმიანობის პრინციპები გეგმის მიხედვით მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა დაამტკიცოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები