მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი ჩინეთში ვიზიტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს პარლამენტში მიდის. ის ფრაქცია "ევროოპტიმისტების" შეკითხვებს უპასუხებს. დეპუტატებმა მინისტრი 17-18 ოქტომბერს ჩინეთში „Belt and Road initiative”-ის ფორუმის შესახებ შეკითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს.

"ფორუმის დაწყებამდე, ჯერ კიდე 15 ოქტომბერს საზოგადოებისთვის საჯარო იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ ის დაესწრებოდა აღნიშნულ ფორუმს. ვლადიმერ პუტინის განცხადებამ 17-18 ოქტომბერს ჩინეთში გამგზავრების შესახებ გააჩინა სკეპტიციზმი ფორუმის მიმართ და დასავლურმა ქვეყნებმა თითქმის ერთხმად უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე.

ფორუმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთაგან მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მონაწილეობდა. ფორუმში მონაწილეობდნენ არგენტინის, კამბოჯას, ჩილეს, კონგოს, ეგვიპტის, ეთიოპიის, ინდონეზიის, ყაზახეთის, კენიის, ლაოსის, მონღოლეთის, მოზამბიკის, პაკისტანის, პაპუა ახალი გვინეის, რუსეთის, სერბეთის, შრი ლანკის, ტაილანდის, უზბეკეთისა და ვიეტნამის წარმომადგენლები.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორუმს, რომელსაც არცერთი პროდასავლური ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი არ ესწრებოდა და მონაწილეობდა საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დაესწრო საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია. როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ისმენდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ბრალდებულად მიჩნეული ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაშინ, როდესაც საქართველო რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის მიმართ დაკავების ორდერია გამოცემული, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ომის დანაშაულში მხილებულ პრეზიდენტთან ერთად სამუშაო ფორმატში, ერთ სივრცეში მონაწილეობს. დამატებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ისმენს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხები განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან საზედამხედველო სფეროს, მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომაზე მოიწვიოთ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რათა მან უპასუხოს 18 ოქტომბერს ჩინეთში ფორუმზე დასწრების საკითხის ირგვლივ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს", - ნათქვამია ევროოპტიმისტების წერილში.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს "ევროოპტიმისტები“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში წარმოადგენს ხატია დეკანოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები