პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ. ის რიკოთის მონაკვეთთან დაკავშირებით „ევროოპტიმისტებმა“, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ დაიბარეს.
საქმე ეხება რიკოთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოებს.
დეპუტატების კითხვები:
1. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 5 მონაკვეთის მშენებლობის საერთო ღირებულება განსაზღვრული იყო 3.1 მლრდ. ლარის ოდენობით. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით კი ამ მონაკვეთების მშენებლობის ღირებულება გაზრდილია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად და შეადგენს 3.6 მლრდ. ლარს. რატომ არის ამ მონაკვეთების მშენებლობის ღირებულება გაზრდილი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად?
2. ხულო-ზარზმის 42 კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობა დაიწყო 2017 წელს, რომელზეც გათვალისწინებული იყო 85 მილიონი ლარი და უნდა დასრულებულიყო 2019 წელს. ექვსი წელი გავიდა და დღესაც არ დასრულებულა. მისი ღირებულება ორჯერ მეტად, 172 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ექვსი წლის განმავლობაში რა თანხაც იყო გამოყოფილი ამ გზის მშენებლობაზე არასდროს არ განხორციელებულა მისი სრული ათვისება. ამ გზის მშენებლობაში რამდენიმე კომპანია იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც არ შეასრულოს ვალდებულებები. თავდაპირველად ტენდერში გაიმარჯვა კომპანია TODINI Costruzioni Generali S.p.a. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი გაწყდა, იმ მიზეზით, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დაიწყო.
2020 წლის ოქტომბერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება გაფორმდა.
ერთი წლის შემდეგ, 2021 წელს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 5 466 496-ლარიანი სავარაუდო ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა 2021 წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა (NAT210019893). ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. შემსყიდველს შედარებით დაბალი ფასი შპს „არალმა“ შესთავაზა და 5 166 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მასთან გაფორმდა. (კითხვა : საბოლოოდ რომელი კომპანია აშენებს ამ გზას?) საყურადღებოა შპს „არალი“, ვინაიდან ამ კომპანიის დირექტორსა და 25%-იანი წილის მმართველს დემეტრე თათეიშვილს, 2021 წლის აგვისტოში, მმართველი პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს გადარიცხული. თვითონ კომპანიის სახელით კი 2017 წელს, იმავე პარტიის სასარგებლოდ, 40 000 ლარი გადაირიცხა. (კითხვა: ამ კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ამ გზის მშენებლობაზე?)
კითხვა: საბოლოოდ, რამდენი კომპანია მონაწილეობდა ამ გზის მშენებლობაზე? დაასახელეთ ერთი კომპანია მაინც, რომელმაც ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (მლნ. ლარი) ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში შეასრულა სამუშაოები. რატომ გაიზარდა ამ გზის მშენებლობის ღირებულება 85 მლნ. ლარიდან 171 მლნ ლარამდე? ვინ აგებს პასუხს წყალში გადაყრილ მილიონებზე. როდის დასრულება ამ გზის მშენებლობა?
3. მიმდინარე წლის თებერვალში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩავარდა. ოფიციალური ინფორმაციით, მდინარე რიონის ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაშინ აცხადებდა, რომ როგორც კი მდინარე რიონში წყლის დონე დაიწევდა, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა. ამ შემთხვევიდან 7 თვე გავიდა და არათუ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულა, დღემდე ხიდის ექსპერტიზაც კი არ არის დასრულებული. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი გზის საწყის ბიუჯეტს, 2013 წელს 237 მილიონი ლარით განისაზღვრა და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, როგორც პროექტის ბიუჯეტი ასევე დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი მონაკვეთისთვის ჯამში 902 მლნ ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა 2024 წლამდე გადაიწია.
კითხვა: რამ გამოიწვია სამტრედია გრიგოლეთის მშენებლობის ღირებულების 4 ჯერ ზრდა? როდის დაიწყება ამ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დამატებით რამდენი დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს ამ ხიდის მშენებლობა?
4. გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში (საგარეო ვალით დაფინანსებული), რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა. ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვალისწინებით დონორების მიერ დაწესებულ "ვალდებულების გადსახადს" წარმოადგენს. გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2022 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული 60%-ზე დაბალი ათვისების 7 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 2.4 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წელს მიღებული კრედიტებიდან აუთვისებელი თანხების გამო საქართველო დაჯარიმდა ჯამში 5.8 მლნ. ლარით, 2020 წელს - 9.6 მლნ. ლარით და 2019 წელს - 4.8 მლნ. ლარით.
ამ 7 პროექტის ჩამონათვალია:
• თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0%, ვალდებულების გადასახადი - 351 ათასი ლარი;
• მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და კრიზისიდან გამოყვანის პროექტი - საკრედიტო საგარანტიო სქემა (WB) და საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (ეროვნული ბანკის კომპონენტი) (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 25 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0.5%, ვალდებულების გადასახადი - 707 ათასი ლარი;
• თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 2.4%, ვალდებულების გადასახადი - 103 ათასი ლარი;
• ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 1 მილიონის დახარჯვა, ათვისება 11%, ვალდებულების გადასახადი - 4 ათასი ლარი;
• აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 23 მილიონის დახარჯვა, ათვისება 16%, ვალდებულების გადასახადი - 279 ათასი ლარი;
• ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) და გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 11 მილიონის დახარჯვა, ათვისება 37%, ვალდებულების გადასახადი - 866 ათასი ლარი;
• შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 40 მილიონის დახარჯვა, ათვისება 56%, ვალდებულების გადასახადი - 78 ათასი ლარი.
გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ მინისტრს ჰკითხა, გრიგოლეთის გზასთან დაკავშირებით, სადაც მისი თქმით უზარმაზარი ბაობაბები არის გაჩხერილი და ხალხი დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე. „მაინტერესებს, როგორია პრევენციული სამუშაოები რიკოთზე, მეწყერსაშიშ სამუშაოებთან დაკავშირებით. რა სამუშაოები ჩაატარეთ, რომ ეს გვირაბები იყოს უსაფრთხო?“, - მიმართა დეკანოიძემ მინისტრს.