იტალიური კომპანია, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთის ყოფილი კონტრაქტორი ASTALDI-ა.
კომპანიასთან ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 15კმ-მდე გზის მშენებლობაზე კონტრაქტი 2017 წელს, 8 სექტემბერს გაფორმდა და როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა.
„კიდევ ერთ ტყუილს გამოვეხმაურები - ახალ ბრალდებაში ახსენეს იტალიური კომპანია, რომელიც თითქოს ჩვენ დავიწუნეთ გვირაბის გაყვანის მეთოდოლოგიის გამო. სატენდერო დოკუმენტაციაში და განვითარების ყველა ეტაპზე გვირაბების გაყვანა გათვალისწინებული იყო ახალი ავსტრიული გვირაბის გაყვანის, ე.წ. NATM მეთოდით, ბურღვა-აფეთქებით. ეს მეთოდოლოგია არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, თქვა ორშაბათს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ქარსელაძემ.
„ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ჯამურმა თანხამ შეადგინა 100 მილიონი ლარი“ - განუმარტეს BM.ge-ს სამინისტროში.
მინისტრის თქმით, 2022 წელს მოგებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფოს 70 მლნ ლარი დაუბრუნდა, 30 მილიონი ლარის ანაზღაურებაზე კი, აღსრულების პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
თავად ASTALDI-ს არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს.
ჯერ კიდევ 2022 წლის 29 ივლისს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს, რომლებმაც მილიონობით ლარის ანაზღაურების მიუხედავად პროექტები არ განახორციელეს, სახელმწიფოს წინაშე 187 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იტალიურმა კომპანია Astaldi -მ ავანსად მიღებული 50 მილიონის მიუხედავად, საგზაო სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა.
ხელშეკრულება კი, ითვალისწინებდა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 15კმ-მდე გზის მშენებლობას, გზა ჩრდილოეთიდან გვერდის აუვლის ხაშურის, სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბს უკავშირდება.
კომპანიას უნდა აეშენებინა 4 ზოლიანი ცემენტბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) აფინანსებს. ხელშეკრულების გაფორმების დროს მისი ღირებულება 353 729 415 ლარი იყო.