მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის მონაკვეთზე ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ატარებენ და აბსურდია ბრალდება, თითქოს ფინანსები უკონტროლოდ იხარჯება - ქარსელაძე

სტიქიის ზონაში
BM. GE
12.08.23 01:00
38

ირაკლი ქარსელაძემ, მედიასთან შეხვედრაზე, რიკოთის გზასთან დაკავშირებულ ბრალდებებს და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა რიკოთის მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასა და ბურჯის დაგეგმილ დემონტაჟზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული კადრები არის რამდენიმე თვის წინანდელი და ამ ეტაპზე, ადგილზე აბსოლუტურად სხვა სურათია.

„პირველი შემთხვევა უკავშირდებოდა უბისა-შორაპანის მონაკვეთს, სადაც ჩამოშლილმა ფერდმა დააზიანა კონსტრუქცია.  ეს მოხდა დაახლოებით 6 თვის წინ, დღეს კი სიტუაცია უკვე გამოსწორებულია. ხარვეზები აღმოიფხვრა  სრულად კონტრაქტორის ხარჯზე და ეს მხოლოდ ამ შემთხვევას არ ეხება, ეს არის ზოგადი პრინციპი - ხარვეზზე ხდება რეაგირება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება გამოსწორებისათვის. მეორე ასეთი მაგალითი იყო ბურჯი, რომელიც  არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და ეს საზედამხედველო კომპანიამ დაადგინა. მანვე გასცა შესაბამისი ინსტრუქცია დემონტაჟზე. დღეს, ახალი ბურჯი უკვე აშენებულია იმ სახით, როგორითაც უნდა ყოფილიყო. აქაც, არავითარი ხარჯი ჩვენ არ გაგვიწევია, გამოასწორა კონტრაქტორმა საკუთარი ხარჯით,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, რიკოთი მიმდინარე პროექტია და შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა, მშენებლობის პროცესში, ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მთავარია, შეუსაბამობის გამოვლენა და გამოსწორებისთვის ყველა აუცილებელი ზომის მიღება.

სხვა შემთხვევაში, გაწეული სამუშაო არ ანაზღაურდება. ეს პრინციპი, არა მხოლოდ რიკოთზე, არამედ ყველა ჩვენს პროექტზე მოქმედებს  და შესაბამისად, საუბარი იმაზე რომ პროექტი ხარვეზებით ხორციელდება და თითქოს ეს  ხარვეზი შემოდგომში გარკვეული სახის რისკს წარმოშობს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრმა, პროექტის ფინანსური ანგარიშგების საკითხზეც ისაუბრა.

„ბრალდება თითქოს ფინანსები უკონტროლოდ იხარჯება, არის აბსურდი და ამისათვის რამდინიმე ფაქტობრივ გარემოებას მოვიყავან. პირველი, არც ერთი გადახდა არ წარმოებს საზედამხედველო კომპანიის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის  წარმოდგენისა და ფორმების  დადასტურების გარეშე. დადასტურებული დოკუმენტაცია იგზავნება საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გადამოწმების შემდეგ, ხდება აღნიშნული  დოკუმენტაციის მიწოდება უკვე საერთაშორისო  საფინანსო
ინსტიტუტისთვის, რომელიც, თავის მხრივ, თავად ახორციელებს ანაზღაურების პროცედურებს. ანუ, თანხის გადარიცხვა ხდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან,"- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განმარტებით, პროექტის აუდიტი თავიდანვე დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო მხოლოდ დადებითი დასკვნის შემდეგ.

"თავად საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი, მათ შორის, რიკოთის პროექტიც, ყოველ წელს ფინანსურ აუდიტს გადის. ამ ფინანსურ აუდიტს აკეთებენ დიდი ოთხეულის  აუდიტორული კომპანიები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მერწმუნეთ, ბრალდებები ფინანსების უკონტროლო ხარჯვაზე  აბსურდულია,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები