მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დგას თუ არა სებ-ის საბჭოს ახალი წევრების ლეგიტიმაციის საკითხი?- დეპუტატების შეფასებები

პარლამენტი სესიის დარბაზი

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების წარდგენას იმით ამართლებს, რომ ამით მას უმრავლესობის მიერ წარმოებული მანკიერი პროცესის ლუსტრაცია სურდა.

მმართველმა გუნდმა კი თქვა, რომ  მათთან შეუთანხმებელი კანდიდატების მხარდაჭერა სამი ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობების დატოვების შემდეგ ეროვნულ ბანკში კრიზისის არიდებას ემსახურებოდა.

ასე მოხვდნენ ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოში. პარლამენტმა მათი კანდიდატურები დაამტკიცა ისე, რომ არც საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებულან და დეპუტატებს არც ის მოუსმენიათ, ეროვნულ ბანკში შექმნილი კრიზისის დაძლევის რა ხედვა აქვთ ახალ წევრებს და ზოგადად, რას მიიჩნევენ გამოწვევად. ამაზე პასუხი ვერც  BMG-მიიღო. რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, არც ყეინიშვილი და არც ხომერიკი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ეროვნულ ბანკში კი გვითხრეს, რომ ისინი უკვე შეუდგნენ მუშაობს.

რომან გოცირიძე, დეპუტატი:

„როდესაც ადამიანები არ გამოცხადდებიან [საკომიტეტო მოსმენაზე], ეს ნიშნავს, რომ  მათ არ უნდათ და უარია, მაგრამ როგორც ჩანს მიუხედავად იმისა, რომ მათ თხოვა პრეზიდენტმა, არ დაწერეს განცხადება და პრეზიდენტიც მოატყუეს. პრეზიდენტი მიხვდა, რომ ამ კანდიდატების გამოწვევა არ შეეძლო, გამოწვევის ერთ-ერთი ფორმაა დაწერო განცხადება, როგორც ერთხელ მოხდა. ესეც არ გააკეთეს, ისარგებლეს პრეზიდენტის ნდობით და ასე ეშმაკურად მოხვდნენ სებ-ის საბჭოში.

უნდა შეიცვალოს საბჭოს წევრებისადმი მოთხოვნა, შესაბამისობის კრიტერიუმი უნდა იყოს შეცვლილი... თავიდან ბოლომდე არის დასაწერი საბჭოს მოდელი, რომელიც 30 წელია მუშაობს. დღეს ერთმმართველობაა ჩამოყალიბებული, არანაირი ზემოქმედება საბჭოს არავითარ პროცესზე არ შეუძლია და ამას ხელს უწყობს სებ-ის შესახებ მოქმედი კანონი“.

ხათუნა სამნიძე, დეპუტატი:

„წარდგენის შემდეგ პრეზიდენტმა მოუწოდა მათ და ხაზი გაუსვა, რომ კარგი იქნებოდა უარი თქვან ამ პოზიციაზე. ეს ადასტურებდა, რამდენად არასწორი იყო ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის წარდგენა, მითუმეტეს ის არც პარლამენტში მოსულა და არავის მოუსმენია როგორია მისი ხედვა ამ პოზიციის დაკავების შემდეგ. გარდა ამისა, ის პირდაპირ არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და ეს უკვე არის პრობლემა. ყველასთვის ცნობილია, რომ ის იყო ქართული ოცნების წევრი და ის ვერ იქნება დამოუკიდებელი ამ საბჭოში“.

ხატია დეკანოიძე, დეპუტატი:

„ვფიქრობ, არაპროფესიონალიზმთან ერთად არსებობს კავშირები მმართველ გუნდთან, რაც გახდა ასევე საზოგადოების განხილვის საგანი. მე ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არ არის ის, როგორც უნდა იმართებოდეს საფინანსო ინსტიტუტები და ძალიან სამწუხაროა, რომ სებ-ი, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მყარი დამოუკიდებელი სისტემა და საქართველოს ფინანსური სისტემის უსაფრთხოების გარანტი და განვითარების გარანტი, ჯერ საბჭოს წევრების არჩევით, შემდეგ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით[სანქციების აღსრულების წესში ცვლილება], პრაქტიკულად მთლიანად დაიქვემდებარა მმართველმა გუნდმა“.

ბეჟან წაქაძე, უმრავლესობის დეპუტატი:

„პრეზიდენტმა ჩაგვაგდო ისეთ მდგომარეობაში, რომ შეიძლება შექმნილიყო კოლაფსი ეროვნულ ბანკში. ამიტომ აქ არ იყო ფიქრის დრო და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. კანონში ჯდება თავიდან ბოლომდე, პრეზიდენტის წარდგენილი იყო და მივიღეთ. რომ არა, დღეს სხვა მდგომარეობა იქნებოდა.

-ქადაგიძე რომ წარედგინა, მაინც დაუჭერდით მხარს?

- ნებისმიერს დავამტკიცებდით, ვისაც წარადგენდა“.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი 21 სექტემბერს დაუჭირა. მათ ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოში წევრის მანდატი 7 წლით ჩაიბარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები