BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველებს შორს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილიც არის.
აღნიშნული ინფორმაცია სოსო ბერიკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო.
მან თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში CV არ წარუდგენია, თუმცა ეს სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილს ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სოსო ბერიკაშვილის კანდიდატურით დაინტერესებას არ გამორიცხავს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა შორის აკადემიკოსი ლადო პაპავა და ეკონომიკის დოქტორი მურად ნარსიაც არიან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადების შეტანის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ორივე მათგანმა დაუდასტურა.
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე ვაკანსია 7 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 23 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, რამდენ კანდიდატს სურს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა.