პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე გამოდიან ინიციატივით, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიას, დიდ ტენდერში მონაწილე კომპანიების ხელმძღვანელებისგან შემოწირულებების მიღება აეკრძალოს.
პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში.
ინიციატორის თანახმად, აღნიშნულ კანონში ერთ-ერთი მუხლი ასე უნდა ჩამოყალიბდეს: ,,იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრიც შედის საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში, ეკრძალება შემოწირულების მიღება საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად, ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმწოდებლის დირექტორის, ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და მიმწოდებლის კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელის მხრიდან, მათ მიერ აღნიშნულ შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებიდან 3 წლის განმავლობაში“.
რაც შეეხება კანონის მიღების აუცილებლობას, როგორც ავტორები განმარტავენ, მისი მიღების შემთხვევაში დაზღვეული იქნება ისედაც მეტი ძალაუფლების მქონე პარტია დამატებითი კორუფციული ფინანსური წყაროებით მიღებული შემოსავლებისაგან, ხოლო ტენდერის პროცედურა გაცილებით ობიექტურად და შესაბამისად - რაციონალურად ჩატარდება, ეს კი შეამცირებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას.
კანონი ძალაში უნდა შევიდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.