მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიზარდა პენსია რეალურად 15 წელიწადში?

მეტწილად სიმართლე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე პენსიების ზრდასთან დაკავშირებით წერს: „2012 წელს პენსია 125 ლარი იყო, 2027 წლისთვის კი 390 ლარამდე გაიზრდება, პენსიონერთა უდიდესი ნაწილისთვის. ნომინალურად ამ პერიოდში საბაზო პენსია 212 პროცენტით გაიზარდა, რეალურად კი, ინფლაციის გათვალისწინებით, მხოლოდ 60 პროცენტით… პენსიონერს 390 ლარით 2027 წელს დაახლოებით იმ რაოდენობის პროდუქტისა და მომსახურების ყიდვა შეუძლია, რისი ყიდვაც 2012 წელს 200 ლარით იყო შესაძლებელი. 70 წელს გადაცილებულთა პენსია რომ შედარებით მეტია, ეს სურათს არსებითად არ ცვლის”.

გოცირიძის შეფასებით, 2012-2027 წლებში საქართველოში ჯამური ინფლაცია 95%-ს შეადგენს, რის გამოც პენსიის ნომინალური ზრდა მისი მსყიდველობითი უნარის ზრდას რეალურად არ ასახავს.

BMG-მ გადაამოწმა, რამდენად გაიზარდა ქვეყანაში პენსია ბოლო 15 წელიწადში რეალურად, ანუ ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარს შეადგენდა: 67 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 110 ლარი იყო, ხოლო 67 წლისა და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის — 125 ლარი.

2027 წლიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია არსებულ პენსიასთან შედარებით 20 ლარით, 390 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეების პენსია 60 ლარით, 555 ლარამდე მოიმატებს. ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 2016 წლიდან პენსიაზე 20%-იანი დანამატი მოქმედებს.

თუმცა, პენსიის ან სხვა შემოსავლის მატება გრძელვადიან პერიოდში რომ შევაფასოთ მხოლოდ ნომინალური ზრდის განხილვა საკმარისი არ არის. დროთა განმავლობაში ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება — ინფლაციის გამო, ერთი და იმავე თანხით დღეს უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე წლების წინ.

ამიტომ, შემოსავლები ნომინალურ და რეალურ კატეგორიებად იყოფა. ნომინალური შემოსავალი კონკრეტულ პერიოდში მიღებულ თანხას ასახავს, ხოლო რეალური შემოსავალი ინფლაციის გათვალისწინებით გვიჩვენებს, რამდენი საქონლისა და მომსახურების შეძენა შეუძლია ადამიანს ამ შემოსავლით.

ფასების დონის ცვლილება 2013-2027 წლებში

95%-იანი ჯამური ინფლაციის მაჩვენებლის დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ BMG-სთან საუბრისას განცხადების ავტორმა, რომან გოცირიძემ, განმარტა, რომ გამოყენებულია დეკემბერი-დეკემბერთან შედარების მეთოდი. მისი თქმით, გაანგარიშების საწყის წერტილად აღებულია 2012 წლის დეკემბერი, ხოლო 2026-2027 წლებისთვის გამოყენებულია ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზები.

2013-2025 წლებში ფასების ცვლილება ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, დავიანგარიშეთ (დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან).

კუმულაციური ინფლაციის დათვლისას წლიური მაჩვენებლების უბრალოდ შეკრება არ ხდება. თითოეული წლის ფასების ცვლილება წინა წლის უკვე შეცვლილ ფასების დონეზე მოქმედებს. ამ მეთოდით, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, 2025 წლის დეკემბერში ფასების საერთო დონე დაახლოებით 76.1%-ით იყო გაზრდილი.

2026 და 2027 წლებისთვის, რადგან ამ წლების ფაქტობრივი წლიური ინფლაცია ჯერ ცნობილი არ არის, გაანგარიშებაში გამოყენებულია ეროვნული ბანკის პროგნოზები. ეროვნული ბანკის შეფასებით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია დაახლოებით 5.2% იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.

2026 წლისთვის პროგნოზირებული 5.2%-იანი ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, 2026 წლის ბოლოსთვის ფასების საერთო დონე დაახლოებით 85.3%-ით იქნება გაზრდილი. 2027 წლისთვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის (+3%) გათვალისწინებით ფასების საერთო დონე დაახლოებით 90.8%-ით გაიზრდება. ანუ, თუ 2012 წლის დეკემბერში საქონლისა და მომსახურების კონკრეტული ერთობლიობა 100 ლარი ღირდა, 2027 წლისთვის იმავე კალათის ღირებულება დაახლოებით 190.8 ლარი იქნება.

გრაფიკი 1: ინფლაციის წლიური და კუმულაციური მაჩვენებლები, 2013-2025 ფაქტობრივი მონაცემები, 2026-2027 საპროგნოზო მაჩვენებლები (დეკემბერი დეკემბერთან)

წყარო: საქსტატი; საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

პენსიის რეალური ზრდა

2027 წლის 390 ლარი 2012 წლის ფასებში დაახლოებით 204.4 ლარის ეკვივალენტი იქნება, ხოლო 555 ლარი — 290.9 ლარის ეკვივალენტი.

ინფლაციის გათვალისწინებით, პენსიის რეალური ზრდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია. 67 წლამდე პენსიონერებისთვის, რომელთა პენსია 2012 წელს 110 ლარს შეადგენდა, 2027 წლის 390 ლარის მსყიდველობითი ძალა 2012 წლის ფასებში 204.4 ლარის ტოლი იქნება. შესაბამისად, ამ ჯგუფისთვის პენსიის რეალური ზრდა 94.4 ლარს, ანუ 85.8%-ს შეადგენს.

67-დან 70 წლამდე პენსიონერებისთვის, რომელთა პენსია 2012 წელს 125 ლარი იყო, 2027 წლის 390 ლარის რეალური ღირებულება 204.4 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეალური ზრდა 79.4 ლარი, ანუ 63.5% იქნება.

ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის, რომელთა პენსია 2012 წელს ასევე 125 ლარს შეადგენდა, 2027 წლის 555 ლარის 2012 წლის ფასებში ეკვივალენტი 290.9 ლარია. შესაბამისად, ამ ჯგუფისთვის პენსიის რეალური ზრდა 165.9 ლარს, ანუ 132.7%-ს შეადგენს.

გრაფიკი 2: პენსიის ოდენობა 2012 და 2027 წლებში და მისი რეალური ზრდა (%)

აღსანიშნავია, რომ პენსიის რეალური ზრდის ეს გაანგარიშება ფასების საერთო დონის ცვლილებას ეფუძნება და ყველა პენსიონერის ფაქტობრივ ხარჯს სრულად ვერ ასახავს. პენსიონერთა სამომხმარებლო კალათაში დიდი წილი უჭირავს სურსათს, რომელთა ფასი ცალკეულ პერიოდებში ფასების საერთო დონეზე უფრო სწრაფად იზრდება. ამიტომ პენსიონერისთვის ამ თანხის მსყიდველუნარიანობა გაანგარიშებით მიღებულზე უფრო დაბალიც შეიძლება იყოს.

განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ 2027 წელს პენსია პენსიონერთა „უდიდესი ნაწილისთვის“ 390 ლარი იქნება. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს მონაცემებით, 902 752 პენსიონერიდან 419 176 70 წლამდე ასაკისაა, რაც პენსიონერთა დაახლოებით 46%-ს შეადგენს. 70 წლისა და უფროსი ასაკის 483 576 პენსიონერი კი, დაახლოებით 54%, 555-ლარიან პენსიას მიიღებს. შესაბამისად, 390-ლარიანი პენსია პენსიონერთა საკმაოდ დიდ ნაწილზე გავრცელდება, თუმცა არა უმრავლესობაზე. ამდენად, განცხადებაში ამ ნაწილში მცირე უზუსტობაა.

დასკვნა

ამრიგად, 2012-2027 წლებში პენსიის ნომინალური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მის რეალურ ზრდას. BMG-ის გაანგარიშებით, 2027 წლის 390 ლარი 2012 წლის ფასებში დაახლოებით 204.4 ლარის ეკვივალენტია, 555 ლარი კი — 290.9 ლარის. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის პენსია, ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 15 წელიწადში ჯამში დაახლოებით 94, 79 და 166 ლარით, შესაბამისად, 86%, 63% და 133%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, პენსიონერები საშუალო მომხმარებლისგან განსხვავებულად ხარჯავენ და მათი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სურსათსა და მედიკამენტებზე მოდის. ამიტომ შესაძლოა, პენსიონერთა სამომხმარებლო კალათაზე ფასების ზრდის გავლენა საერთო ინფლაციაზე უფრო მაღალი იყოს, შესაბამისად, მათი პენსიის რეალური მსყიდველობითი უნარის ზრდა კი — უფრო დაბალი.

გოცირიძის განცხადებაში მცირე უზუსტობებია, მათ შორის ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელს, ასევე 390-ლარიანი პენსიის მიმღებთა წილს გადაჭარბებულად ასახელებს. თუმცა, მისი განცხადების მთავარი გზავნილი — რომ 15-წლიან პერიოდში პენსიის რეალური ზრდის მასშტაბი ნომინალურ ზრდასთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა — დასტურდება.

შესაბამისად, განცხადება ფასდება ვერდიქტით — „მეტწილად სიმართლე“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები