მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა გასული კვირის განმავლობაში ეკონომიკასა და ბიზნესში?

საპენსიო სააგენტო

გასული 12-16 ოქტომბრის კვირა მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დაიწყო და კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 70 წლამდე ასაკის პირებისთვის, პენსია არა ₾20-ით, არამედ 45 ლარით გაიზრდებოდა. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებითვე დევნილი ოჯახები საცხოვრებლის ნაცვლად, ფულადი 10 000-ლარიანი კომპენსაციის მიღებასაც შეძლებენ ოჯახის თითოეულ წევრზე. კვირის დასაწყისი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები BAG ინდექსი გამოაქვეყნა.

გარდა ამისა კვირის დასასრულისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მედია სივრცეში ტელეკომპანიების "პოსტვ"-ის და "ტვ იმედის" წილების გასხვისებისა და მფლობელების ცვლილების შესახებ.

რა მოხდა გასულ კვირაში?

70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 45 ლარით იზრდება, 20 ლარის ნაცვლად და 1-ელი იანვრიდან 415 ლარი იქნება. ამ ცვლილებისთვის კი ხელისუფლებას 2027 წლის ბიუჯეტში დამატებით 128 მილიონი ლარის გამონახვა მოუწია.

2027 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის მიხედვით, მომავალ წელს კანონმდებლობით დადგენილი მინიმუმ 5,1%-იანი ინფლაციის ფონზე პენსიების 5,41%-იანი მატება იყო გათვალისწინებული. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით უნდა გაზრდილიყო და ბარში 390, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი იქნებოდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი 12,12%-იანი (60-ლარიანი) ზრდით ბარში 555 ლარს, ხოლო მაღალმთიანში 665 ლარს გაუტოლდებოდა.

₾10 000 ოჯახის თითოეულ წევრზე - მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს

მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს. დევნილი ოჯახების თითოეულ წევრს 10 000 ლარის მიღება შეეძლებათ. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.

აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს| BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის III კვარტალის ინდექსის მიხედვით, გამოკითხულ კომპანიათა ნახევარი (50%) აცხადებს, რომ მათ საქმიანობას გარკვეული ფაქტორები უშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევები კვლავ კვალიფიციურ კადრებსა და ადმინისტრაციულ ბარიერებზე მოდის.

BAG ინდექსის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 48.4 ქულა შეადგინა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 68% ვარაუდობს, რომ 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. გამოკითხული ბიზნესების 27% 2026 წელს საინვესტიციო მოცულობის ცვლილებას არ ელის, ხოლო შემცირებას მხოლოდ 4% მოელის.

სექტორების მიხედვით, 2026 წლისთვის საინვესტიციო გეგმების კუთხით ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია, სადაც ჯამური ინვესტიციების ზრდას კომპანიების 77% გეგმავს. წლის I კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სექტორში საინვესტიციო პროგნოზი 17 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა|ექსპრეს მონაცემები

საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 მლრდ 535 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 მლრდ 153 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.6%-ით), ხოლო იმპორტი 14 მლრდ 382 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 5.3%-ით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 მლრდ 229 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 163 ათასით შემცირდა

2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ჯამში 163 111 პირს შეუჩერდა საარსებო შემწეობა. მხოლოდ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547 115 პირი იღებს. აქედან 141 653 ადამიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ მიმდინარე წლის იანვარში 246 ათასამდე პირი იყო ამ პროგრამით მოსარგებლე, მათი რაოდენობა სექტემბრისთვის 141 653-მდე შემცირდა [კლება 42%]. თუმცა 13%-ით ასევე შემცირებულია პროგრამის მიღმა შემწეობის მიმღებთა რიცხვიც.

Fitch-მა Silk Road-ის რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით

მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Silk Road Group Holding LLC-ის საკრედიტო რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, სტაბილურ დონეზე შეინარჩუნა.

8 ოქტომბრის შეფასებაში აღნიშნულია, რომ რეიტინგები ასახავს Silk Road-ის მიერ Silknet-ის ფლობას. კერძოდ, Fitch აღნიშნავს, რომ Silknet-ი საქართველოში სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელსაც ბაზარზე სტაბილური პოზიციები უკავია. რეიტინგების შეფასებისას ასევე გათვალისწინებულია Silk Road-ის მოგებიანი საქმიანობა ფუფუნების კლასის სასტუმროებისა და კაზინოების მიმართულებით.

პროკურატურამ "იმერეთის აგრო ზონის" ხელმძღვანელების მიერ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ „იმერეთის აგრო ზონის“ ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია BMG-ის პროკურატურაშიც დაუდასტურეს. სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრო ზონის“ ხელმძღვანელი პირების მიერ ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს.

ცნობისთვის: შპს "იმერეთის აგრო ზონა" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-მა - სოფლის განვითარების სააგენტომ 2017 წელს დააფუძნა. მიზანი სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება იყო. "იმერეთის აგრო ზონის" ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. პროექტის თანახმად, სახელმწიფო შპს-ს ინვესტორები უნდა მოეზიდა, ხოლო საქართველოს მთავრობა 220 ჰექტარ ფართობზე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრულ შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, ელექტროენერგიით, გაზით, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებასა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის მოწყობას უზრუნველყოფდა. შედეგები, BMG-ისთვის უცნობია.

სებ-ის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მკაცრდება - პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებულად მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით 0-ის წინააღმდეგ, საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, ახლებურად განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, საბჭოს წევრს მოეთხოვება შესაბამისი სპეციალობით (ეკონომიკა, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები ან სხვა შესაბამისი დარგი) საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.

ასევე საბჭოს „კოლექტიური კომპეტენციის“ უზრუნველსაყოფად, ეკონომიკურ ბირთვთან ერთად, საბჭოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექსპერტიზა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებითაც. ამასთან, სხვა შესაბამისი დარგის პროფესიონალთა რაოდენობა (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) საბჭოში ორს არ უნდა აღემატებოდეს.

საგამონაკლისო წესი: ცვლილებები არ გავრცელდება საბჭოს მოქმედ წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

იცვლება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წესიც და იზრდება კომიტეტის როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საბჭოს ეძლევა უფლება, კომიტეტის წევრად მოიწვიოს დარგის ექსპერტი.

პარლამენტმა დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთხელ გადაავადა

საქართველოს პარლამენტმა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის 4 წლით გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

კერძოდ, პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 81 ხმით მიიღო.

პროექტის თანახმად, 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე ხანგრძლივდება უძრავი ქონების მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ვადა. კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა.

სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა

2026 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 10%-ით დოლარამდე შემცირდა და ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან გზავნილების აგვისტოში დაწყებული კლების ტენდენცია სექტემბერში გაგრძელდა. ჯამში რუსეთის ფედერაციიდან 7.86 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 80%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთიდან გზავნილების ასეთი ვარდნის მიზეზი Zolotaia Korona-ს სანქცირებაა.

მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს | პირობები

მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს და ვაშლის ჩაბარებას წელსაც 10 თეთრით დაასუბსიდირებს. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გამოცემული 8 ოქტომბრის განკარგულება.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის“ ასიგნებებიდან 4.5 მლნ ლარის მოძიება და მიმართვა დაევალა.

სუბსიდირების პირობების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სააგენტო 18 დეკემბრამდე კომპანიაზე 1 კგ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს, თუ ისინი 1 კგ-ს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.

სახელმწიფომ, ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, 10 წლის შემდეგ შეწყვიტა - აღნიშნულის შესახებ BMG-ის რედაქციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დასტური 10 სექტემბერს მიიღო. უწყებაში განმარტავდნენ, რომ ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდათ, ფერმერის მხარდაჭერა წარმოების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიმართულებით.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამა 2014 – 2025 წლებში ხორციელდებოდა. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

"ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე წარდგენილია.

ტელევიზიაში საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელია ხდება, რომელიც ამ დრომდე ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო. შენგელია ტელევიზიის ოფიციალურ დოკუმენტებში 23 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც ის ჯაფარიძის წილის მმართველად დარეგისტრირდა.

გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან აღნიშნული ორგანიზაცია POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს 2026 წლის 25 თებერვალს დაარეგისტრირა.

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ კომპანიაში წილები ხელახლა გადანაწილდა. ცვლილებების შედეგად, ტელევიზიის მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად, 25-25 პროცენტით განაწილდა.

საჯარო რეესტრში წარდგენილი 16 ოქტომბრის დოკუმენტების მიხედვით, კომპანიიდან სრულად გავიდნენ „პრაიმ მედია გლობალი“, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი.

ტელეკომპანიის ახალი მეწილე ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი გახდა. ამასთან, 25%-მდე გაიზარდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, მარიამ (მაკა) ლომიძის, ტელეწამყვან ირაკლი ჩიხლაძისა და გადაცემების/პროგრამების ხელმძღვანელის, მაია ჩიგოშვილის წილები.

წილების ახალი გადანაწილება ასე გამოიყურება:

  • მარიამ (მაკა) ლომიძე - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • ირაკლი ჩიხლაძე - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • მაია ჩიგოშვილი - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • მაგდა ანიკაშვილი - 25% (კომპანიის ახალი მეწილეა).

სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად, წილები სიმბოლურ ფასად გაიყიდა: ნათია სონღულაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა თავიანთი 10-10%-იანი წილები 100-100 ლარად დათმეს (საკუთრება სრულად შეიძინა მაგდა ანიკაშვილმა), ხოლო „პრაიმ მედია გლობალმა“ 50%-იანი წილი 500 ლარად გაყიდა (საიდანაც 15-15% ლომიძემ, ჩიხლაძემ და ჩიგოშვილმა 150-150 ლარად შეიძინეს, ხოლო 5% მაგდა ანიკაშვილმა 50 ლარად შეისყიდა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები