24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა "ტელეიმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ არხების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოხდა.
ერთ-ერთი სანქცირებული კომპანიის პოსტვ-ის მფლობელები არიან: თემურ ჭარელაშვილი - 24%; შალვა რამიშვილი - 24%; დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე - 52% (წილის მმართველია ზაზა მარიდაშვილი).
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც ტელეკომპანიის წილი 2022 წლის ოქტომბერში , 520 000 ლარად შეისყიდა მფლობელთან ერთად წილის მმართველიც იყო 2026 წლის 30 იანვრამდე. 24 დღის წინ კი ამონაწერი განახლდა და კომპანიის წილის მმართველად ზაზა მარიდაშვილია მითითებული.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით მარიდაშვილი რაგბის კლუბი იბერიონის დირექტორიცაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები - მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).
bm.ge მიზეზების გასარკვევად დეპუტატთან დაკავშირებას ცდილობს.
ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობა ასახელებს დეზინფორმაციას უკრაინასთან დაკავშირებით. კერძოდ:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.




























