მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

ტელეიმედი

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ კომპანიაში წილები ხელახლა გადანაწილდა. ცვლილებების შედეგად, ტელევიზიის მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად, 25-25 პროცენტით განაწილდა.

საჯარო რეესტრში წარდგენილი 16 ოქტომბრის დოკუმენტების მიხედვით, კომპანიიდან სრულად გავიდნენ „პრაიმ მედია გლობალი“, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი.

ტელეკომპანიის ახალი მეწილე ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი გახდა. ამასთან, 25%-მდე გაიზარდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, მარიამ (მაკა) ლომიძის, ტელეწამყვან ირაკლი ჩიხლაძისა და გადაცემების/პროგრამების ხელმძღვანელის, მაია ჩიგოშვილის წილები.

წილების ახალი გადანაწილება ასე გამოიყურება:

  • მარიამ (მაკა) ლომიძე - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • ირაკლი ჩიხლაძე - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • მაია ჩიგოშვილი - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • მაგდა ანიკაშვილი - 25% (კომპანიის ახალი მეწილეა).

სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად, წილები სიმბოლურ ფასად გაიყიდა: ნათია სონღულაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა თავიანთი 10-10%-იანი წილები 100-100 ლარად დათმეს (საკუთრება სრულად შეიძინა მაგდა ანიკაშვილმა), ხოლო „პრაიმ მედია გლობალმა“ 50%-იანი წილი 500 ლარად გაყიდა (საიდანაც 15-15% ლომიძემ, ჩიხლაძემ და ჩიგოშვილმა 150-150 ლარად შეიძინეს, ხოლო 5% მაგდა ანიკაშვილმა 50 ლარად შეისყიდა).

ამ ცვლილებამდე „პრაიმ მედია გლობალი“ კომპანიის 50%-ს ფლობდა, დანარჩენი 50% კი ხუთ ფიზიკურ პირზე, თითოეულზე 10-10 პროცენტით, იყო გადანაწილებული.

„პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ილია მიქელაიშვილია. ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვის შესახებ 2026 წლის 6 თებერვალს განაცხადა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ „პრაიმ მედია გლობალმა“ მაშინ ასევე სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად შეიძინა.

მაშინვე ცნობილი გახდა, რომ კომპანიის 50% „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში დარჩებოდა, ხოლო დანარჩენი 50% ტელევიზიის დირექტორსა და მის ოთხ მოადგილეს გადაეცემოდა. „პრაიმ მედია გლობალის“ მფლობელი ილია მიქელაიშვილი აცხადებდა, რომ ტელეკომპანიასა და მთლიანად მედიაჰოლდინგში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა.

2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების საფუძვლად უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა. სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს ირაკლი რუხაძემ და კიდევ სამმა წევრმა „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ 2025 წელი 43 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, წლების განმავლობაში დაგროვილმა ზარალმა კი 497.2 მილიონ ლარს მიაღწია. ტელეკომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებებიც აქვს, მათ შორის 358.7 მილიონი ლარის სესხები მეწილეებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები