მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალა

იმედი

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

ცვლილებების შედეგად, ტელევიზიის მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად, 25-25 პროცენტით განაწილდა.

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანიიდან სრულად გავიდნენ „პრაიმ მედია გლობალი“, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი.

ტელეკომპანიის ახალი მეწილე ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი გახდა. ამასთან, 25%-მდე გაიზარდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, მარიამ (მაკა) ლომიძის, ტელეწამყვან ირაკლი ჩიხლაძისა და გადაცემების/პროგრამების ხელმძღვანელის, მაია ჩიგოშვილის წილები.

წილების ახალი გადანაწილება ასე გამოიყურება:

  • მარიამ (მაკა) ლომიძე - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • ირაკლი ჩიხლაძე - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • მაია ჩიგოშვილი - 25% (მანამდე ფლობდა 10%-ს);
  • მაგდა ანიკაშვილი - 25% (კომპანიის ახალი მეწილეა).

შეგხსენებთ, რომ 2026 წლის 6 თებერვალს „ტელეიმედის“, GDS-ისა და „რადიო იმედის“ მფლობელ კომპანიაში მფლობელობის სტრუქტურა შეიცვალა: ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა, ხოლო მეორე 50% ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს წევრებს — მარიამ ლომიძეს, ვასილ კალანდარიშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, ნათია სონღულაშვილსა და მაია ჩიგოშვილს შორის (თითოეულს 10%-იანი წილით) გადანაწილდა.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2003 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსდა, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ სანქციების სიაშია შეყვანილი. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განმარტებით, არხი „მიზანმიმართულად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკასა და მოქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს უკრაინაში, ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები