საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის შემუშავებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.
პარლამენტში ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, შეღავათი გავრცელდება ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანაზეც, საუბარია ისეთ აქტივებზე, როგორიცაა თვითმფრინავები და მანქანები.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების მიღებას გეგმავენ.
"ბოლო დროს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მქონე ქვეყნებში საკმაოდ გაურთულდათ მუშაობა კომპანიებს. მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნაა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა. ამიტომ იქიდან წასვლას აპირებენ და ბევრი გადის და უბრუნდება თავიანთ ქვეყნებს. ზოგადად ეს ოფშორები რა თქმა უნდა, სრულიად კანონიერია და ისინი ჩვენი დასავლელი პარტნიორების იურისდიქციის ქვეშ არის, მაგრამ რადგან ასეთი ტენდენცია წავიდა, ქვეყნები ცდილობენ, რომ ეს კაპიტალი არ დაიკარგოს და მათთან წავიდეს და იღებენ ისეთ კანონებს, რომელზედაც მე ახლა ვსაუბრობ.
თუკი ამ კომპანიებს გააჩნიათ სხვადასხვა საშუალებები, მაგალითად მანქანები, თვითმფრინავები თუ სხვა ძირითადი საშუალებები, ისიც ერთჯერადად შემოტანის დროს იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლდება,"- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა, ხოლო ოპოზიცია "რუსულ კანონზე" პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრება. ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ოფშორულ ზონებზე კანონპროექტის "რუსული კანონის" პარალელურად წარდგენა მეტყველებს იმაზე, რომ ეს საგადასახადო შეღავათი მორგებულია "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე. დეპუტატი რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღება ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების მოლოდინმა განაპირობა, რის დასაზღვევადაც ოცნება საგადასახადო შეღავათებს ამზადებს.
ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.
პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1 იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.