საქართველოს პარლამენტმა დღეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო. ინიციატივის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და მისი მიღების შემთხვევაში ოფშორული კომპანიები საქართველოში აქტივების გადმოტანის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა თავიდან ბოლომდე მორგებულია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე, მისი მიღების მოტივაცია კი მისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების გაზრდილმა რისკმა განაპირობა. კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ამ კანონის მიზანია ქართველი ბიზნესმენების მიერ უცხოეთში შექმნილი ბიზნეს სტრუქტურების საქართველოში გადმოტანას შეეწყოს ხელი.
"ამ წუთას, მოულოდნელად, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები.
კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.
ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინეს ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.
ელოდა სანქციებს!
გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხესიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს,"- წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.
პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1 იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.