ბიზნესმენებს, რომლებიც ოფშორულ ზონებში ფლობენ კომპანიებს, აქტივებისა და კომპანიების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ - ამას ითვალისწინებს "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში გუშინ წარდგენილი კანონპროექტი. საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება და მას პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარეს, დღეს კი საბოლოო მიღება იგეგმება.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. ფრაქცია "ევროოპტიმისტები" ამ კანონპროექტზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, რადგანაც ფრაქციის შეფასებით, კანონი რიგ სამართლებრივ და რეპუტაციულ პრობლემებს აჩენს საქართველოს სახელმწიფოსთვის. გთავაზობთ სრულ შეფასებას:
"კანონპროექტი არ ითვალისწინებს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. რატომ არ არის მოთხოვნა, რომ უნდა იყოს საჯარო, თუ რომელი ოფშორიდან, რომელი კომპანიიდან, რომელი ფიზიკური პირის მიერ, რა რაოდენობის აქტივები იქნა გადმოტანილი საქართველოს იურისდიქციაში და რომელ აქაურ კომპანიაში?
ამ ოპერაციის განხორციელების დროს ფაქტობრივად არა აქვს მნიშვნელობა ფულისა და აქტივების წარმომავლობას. შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების გვერდის ავლით ოფშორული აქტივების საქართველოში არსებულ საწარმოებზე გადმოცემა ხომ არ შელახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, ხომ არ გამოიწვევს მისი საინვესტიციო იმიჯის გაუარესებას. ეს კანონი გახდება რუსეთიდან ოფშორებში გატანილი კრიმინალური ფულისა და აქტივებისათვის საქართველოში თავშესაფრის მოპოვების მექანიზმი, რაც გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.
ხომ არ იქნება გამოყენებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად?
ევროკავშირიდან, ამერიკიდან და სხვა გამჭვირვალე იურისდიქციებიდან , პატიოსანი და ლეგალური ბიზნესი თუ იმავე ოპერაციას განახორციელებს, რაც აღნიშნული კანონპროექტის შეღავათებითაა გათვალისწინებული, იბეგრება შესაბამისი გადასახადებით, მაშინ როცა არალეგალური ფულისა და აქტივების გათეთრება წახალისებული ხდება და უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს და ქვეყანას აქცევს შავი ფულის სამრეცხაოდ.
ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესებს. მაგ. კვიპროსი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოფშორად ითვლებოდა, 2004 წელს ამ ქვეყანაში განხორციელებული საგადასახადო ცვლილებებით, ეს სტატუსი გაუჩნდა, რადგან იგი იყო შეუთავსებელი
ევროკავშირის წევრობასთან. გამჭვირვალობა და შავი ფულის წინააღმდეგ ბრძოლა არის ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნა, ეს ცვლილებები კი საპირისპიროს ამკვიდრებს.
ამ კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია კანონის ძალში შესვლამდე ოფშორებში არსებული მისი შემოსავლების, ქონებისა და სხვ აქტივების რეპატრიაცია 2028 წლამდე. როცა ოფშორები იმით გამოირჩევა, რომ მსგავსი ინფორმაცია არის საიდუმლო, ვინ და როგორ დაადგენს აქტივების წარმოქმნის დროს? კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცვლილების ეს ნაწილი გამოიყენება “მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის”. როგორ მოხდება დადგენა, რომ, მაგალითად, 2027 წელს ოფშორული კომპანიიდან აქტივებზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსათვის გადაცემისას, ეს აქტივები მას გააჩნდა ამ კანონის ამოქმედების დღემდე, ანუ 2024 წლის მაისამდე? ამის გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ოფშორში რეგისტრირებული აქტივის გადმოტანა იქნება შესაძლებელი. საერთოდ გაურკვეველია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ოფშორში მიღებული შემოსავლის წარმოქმნის პერიოდი და ისიც შემოფარგლულია თუ არა ამ კანონის მიღების დროით.
გაურკვეველია, საქართველოში არსებული კომპანია, რომელშიც უცხოური აქტივები გადმოდის, უკვე უნდა არსებობდეს ამ კანონის მიღებამდე თუ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც შეიძლება მსგავსი საწარმოს დაფუძნება? მაგ. 2025 წელს პირი აფუძნებს კომპანიას და შემდეგ ოფშორიდან გადმოაქვს მასში აქტივები. თუ ეს დასაშვებია, მაშინ იგი არის პირდაპირი გზაა რუსული თუ სხვა ქვეყნების კრიმინალური ფულისა და აქტივების საქართველოში დაუბრკოლებლად ლეგალიზაციის. ამ კანონპროექტით არსად ჩანს, რომ რაიმე შეზღუდვა იყოს დროში ჩვენს ტერიტორიაზე საწარმოს დაფუძნების.
წილების, აქციების, ქონების და სხვა აქტივების გადმოტანა ამ ცვლილებებით შეუძლია ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი საქართველოს რეზიდენტი. ამისთვის საკმარისია იგი ფლობდეს საქართველოშიც და ოფშორშიც ბიზნეს. რატომ მხოლოდ ფიზიკური პირებს? თუ ქართული იურიდიული პირი ფლობს ოფშორში კომპანიას, რატომ არ შეუძლია მას თავისი აქტივების გადმოტანა საქართველოში არსებულ მის კომპანიაზე? რა იდება ჩადებული ფიზიკური და იურიდიული პირების გამიჯვნაში? კანონში ნახსენებია “შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნები”-სად არის ამ ქვეყნების სია. ბევრი ოფშორი საერთოდ არაა ქვეყანა, იგი რომელიმე ქვეყნის ნაწილია, მაგალითად, ბაჰამის კუნძულები, ვირჯინიის კუნძულები, კაიმანის კუნძულები და სხვა ოფშორები ბრიტანეთს განეკუთვნება. ოფშორების ჩამონათვალში მოხვდება ყველა თუ მხოლოდ ისინი, სადაც კომპანიები დარეგისტრირებული აქვს ბიძინა ივანიშვილს თუ რუს ოლიგარქებს? რატომ არ ერთვის ამ კანონპროექტს ოფშორების სია?
რატომ აყენებთ არალეგალურ ოფშორულ ქონებას ლეგალურთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში? მაგ. თუ ქართული კომპანია შემოიტანს თვითმფრინავს, ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს, მანქანებს და ა. შ. იგი იბეგრება იმპორტისა და სხვა სახის გადასახადებით, მათ შორის ქონების გადასახადით, მაშინ, როცა ოფშორიდან შემოტანილი აქტივებზე 2030 წლამდე უქმდება ქონების გადასახადი. ეს გამოიწვევს შავი ხვრელის გაჩენას და საიმპორტო საქონლის ფიქციურად გაწერას ოფშორებში არსებულ კომპანიებზე და მათი მეშვეობით საქართველოში შემოტანას. არსადაა ნათქვამი, რომ ოფშორიდან შემოტანილი ქონების გაყიდვის შემთხვევაში აღნიშნული შეღავათი( ქონების გადასახადის დაბეგვრისგან განთავისუფლება) უქმდება. ივანიშვილმა რომ მის მიერ ოფშორიდან შემოტანილი თვითმფრინავი გაყიდოს, ეს აქტივი მაინც დაუბეგრავი დარჩება, ხოლო “აირზენამ” რომ შემოიტანოს ან სხვისგან იყიდოს ადგილზე, ქონების გადასახადი უნდა იხადოს. სად არის ამაში ლოგიკა?
ეს კანონპროექტი წარმოდგენილია რეგლამენტის დარღვევით. არ ახლავს სათანადო ფორმით შევსებული განმარტებითი ბარათი. იგი გაერთიანებულია საგადასახადო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებასთან ერთად (ფიზიკურ პირებზე დავალიანებების ჩამოწერა) და მხოლოდ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არის მოცემული სათანადო გაანგარიშებები. არაფერია ნათქვამი ოფშორებიდან შემოსავლებისა აქტივების გადმოტანის მოსალოდნელ დადებით თუ უარყოფით შედეგებზე, მის გავლენაზე ადგილობრივ თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე, მის თავსებადობაზე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან და ა. შ.
რა აუცილებლობითაა გამოწვეული კანონპროექტის დაჩქარებული წესით, ორიოდე დღეში ასე ფორსირებულად მიღება?
როგორც ვიცით, აღნიშნული კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მის პირველ, პოპულისტურ ნაწილთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა მთავრობაში. მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გაჩნდა მისი მეორე, ოფშორული ნაწილი, რატომღაც კანონპროექტის ინიციატორებად მოგვევლინნენ დეპუტატები ქართული ოცნებიდან. რატომ ეფარება მთავრობა მათ ზურგს? იმიტომ ხომ არა, რომ ეშინია საერთაშორისო უარყოფითი გამოხმაურების?
ამ კანონს უნდა დაედოს ვეტო!"- ნათქვამია ფრაქცია "ევროოპტიმისტების" შეფასებაში.
BMG-იმ კანონპროექტზე კითხვებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.