მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის $3 მლნ გამოყო COVID 19-ზე რეაგირებისთვის

5eb5923045e63
თამთა ჯიჯავაძე
08.05.20 21:05
1442
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში. ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, COVID 19-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა; ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვის და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად; და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი და მათი სათანადო უნარებით აღჭურვა COVID 19-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით.

სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს ითვლის და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორებიცაა: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა. რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტებისა და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ამერიკის დაავადებთა კონტროლის ცენტრის ვებგვერდს - www.cdc.gov/covid19 . კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და მადლობა ამ ვირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილისთვის. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ცხადია, წინსვლა სახეზეა“, - განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს.

„ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, აშშ იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში. ამერიკული ხორბლის მიწოდება ხორციელდება „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 14,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტში ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან, მათ შორის, კომპანია „ლენდ ო’ლეიქს ვენჩერ 37“, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, მაისის ბოლომდე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში 400 000 დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია ხორცის, რძის პროდუქტისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.

ელჩმა ვიდეომიმართვა საკუთარი სახლიდან გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისიც დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, რათა შეასრულოს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების დაცვასთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ იმედის მომცემია ახალი ამბები იმის შესახებ, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობა:
„ვიცი, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რომ სრული დატვირთვის შევუდგეთ მუშაობას, რაც შეიძლება სწრაფად როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. ჩენი უაღრესად მადლიერი ვართ საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ექიმების, მკვლევარებისა და საქართველოს მთავრობის.

მათმა პროაქტიურმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, ეს გზა ჯერ ბოლომდე არ გაგვივლია, როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა: „ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია COVID-19”. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.

აშშ-ი უძღვება COVID-19-ზე რეაგირების მსოფლიო ძალისხმევას ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით. მაშინ როდესაც თვითონაც ვირუსს ებრძვის შინ. ამ რეაგირების ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოო ჯანდაცვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან თემებს პანდემიასთან გამკლავებაში. აქ საქართველოში, საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას“, – განაცხადა ელჩმა.