მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკა აგრესიულად გაამკაცროს

632970efe62b3
გიორგი თოლორდავა
20.09.22 12:52
693
მიმდინარე კვირის უმთავრესი ეკონომიკური მოვლენა, უდავოდ, აშშ-ის ფედერალური რეზერვის კომიტეტის შეხვედრაა, სადაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხი უნდა გადაწყდეს.

გასულ თვეს მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის დაფიქსირების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ჯერომ პაუელის ხელმძღვანელობით FED-მა გამკაცრების აგრესიული პოლიტიკა აირჩიოს და ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით (1%) გაზარდოს 3.25%-იან ნიშნულამდე.

აშშ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფინანსო ბაზრებზე, ენერგეტიკულ, საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, სესხების გაძვირებას და ინვესტორების მიერ სარისკო პოზიციების შემცირებას იწვევს.

1%-იანი გამკაცრების მოლოდინში S&P 500 ინდექსი ერთ კვირაში 5.8%-ით დაეცა, ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა, ხოლო ბიტკოინის ფასი თითქმის 13%-ითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები საბაზო სცენარით FED-ის მიერ განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით ზრდას ითვალისწინებენ და ამ სცენარის განვითარების ალბათობას 60%-ის ფარგლებში მიიჩნევენ, თუმცა 1%-იანი გამკაცრების რისკი ინვესტორთათვის საკმაოდ მაღალია.

ცნობისთვის, ფედერალური რეზერვის კომიტეტის ორდღიანი შეხვედრა დღეს დაიწყო, გადაწყვეტილება კი ხვალ გახდება ცნობილი, რომლის შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას BMG-ის მკითხველი ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე მიიღებს.