აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, კევინ უორშმა საკუთარი ფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც მისი ქონების საერთო მოცულობა 210 მილიონ დოლარს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მისი წინამორბედების, ჯერომ პაუელის მაჩვენებლებს
გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია მისი მეუღლის, ჯეინ ლაუდერის ქონებაც, რომელიც გლობალური კოსმეტიკური გიგანტის, Estée Lauder-ის დამფუძნებლის შვილიშვილია და ის 2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.
ეთიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ $100 მილიონი დოლარის ღირებულების მსხვილი კომპანიების აქციების და ფონდების გარდა, უორში ფლობს წილებს ილონ მასკის SpaceX-სა და საპროგნოზო პლატფორმა Polymarket-შიც.
ექსპერტების შეფასებით, ეს დეკლარაცია ადასტურებს FED-ის ხელმძღვანელობის კანდიდატის მჭიდრო კავშირებს უოლ-სტრიტის და სილიკონის ველის საინვესტიციო წრეებთან, რაც მის მომავალ საქმიანობაზე, წესით, გავლენას იქონიებს.
ასეთი სიმდიდრის გამო, უორშმა პირობა დადო, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ფედერალური სარეზერვო სისტემის წესების შესაბამისად, ის საკუთარ ფინანსურ აქტივებს სრულად გაასხვისებს.
სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარემ, ტიმ სკოტმა განაცხადა, რომ უორშის მოსმენა მომავალ კვირას გაიმართება. მისივე მოლოდინით, იუსტიციის დეპარტამენტი ჯერომ პაუელის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უახლოეს კვირებში დაასრულებს, რაც გზას გაუხსნის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურას.
შეგახსენებთ, რომ პაუელის უფლებამოსილების ვადა ზუსტად ერთ თვეში, 15 მაისს იწურება, თუმცა გამოძიების გამო, ახალი თავმჯდომარის დამტკიცების პროცესი შესაძლოა შეფერხდეს.
ცნობისთვის, კევინ უორშმა კარიერა Morgan Stanley-ში დაიწყო, მოგვიანებით კი ის ჯორჯ ბუშის ეკონომიკური მრჩეველი და ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოს წევრი იყო. ბოლო პერიოდში იგი მილიარდერ სტენლი დრაკენმილერის საინვესტიციო ფირმაში მუშაობდა, სადაც მისმა წლიურმა ჰონორარმა $10 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, უორში UPS-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და კონსულტაციებს ისეთ კომპანიებს უწევს, როგორებიცაა State Street და Eli Lilly.
ყველანაირი თვალსაზრისით, უორში აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მდიდარი FED-ის თავმჯდომარე იქნება, რომელთან დაკავშირებით, ალბათ, ყოველთვის იარსებებს ეჭვები ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე.
აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ეკონომიკური ეფექტიდან და გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, FED-ის ხელმძღვანელობა ფინანსურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ და საპასუხისმგებლო საქმედ ითვლება, რადგან ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის არათუ გადაწყვეტილებას, არამედ ერთ განცხადებასაც კი მარტივად შეუძლია გლობალური კაპიტალის ბაზრის ჩამოშლა.
ასეთი ძალაუფლების გამო, FED-ის ხელმძღვანელი პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს, რომელიც არ უნდა დაემორჩილოს არც კონგრესის, არც პრეზიდენტის და არც სხვა ნებისმიერი უწყების, სახელმწიფოს თუ კერძო პირის სურვილებს. FED-ის დამოუკიდებლობა ამერიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული, რადგან ამ ადამიანმა უნდა იფიქროს არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ იმაზე, თუ სად იქნება მსოფლიო 5 ან 10 წელიწადში.
FED-ის ხელმძღვანელს სენატი 4-წლიანი პერიოდით ირჩევს, შესაბამისად, უორშის კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, 2030 წლის მაისამდე პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ბანკირი სწორედ ეს მდიდარი ადამიანი იქნება.




























