ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
FED-ის საბჭომ განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რის შედეგად რეფინანსირების განაკვეთი 3.75-4.0%-ის დიაპაზონით განისაზღვრა.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსთა და ინვესტორთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან როგორც უწყების ხელმძღვანელმა, კევინ უორშმა განაცხადა, ცენტრალური ბანკი ყველაფერს გააკეთებს ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე დასაბრუნებლად.
ცნობისთვის, განაკვეთის ცვლილების ბოლო გადაწყვეტილება FED-მა 2025 წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც ჯერომ პაუელის ხელმძღვანელობით განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, 2026 წლის პირველი ცვლილება არა მონეტარული პოლიტიკოს შემსუბუქება, არამედ მისი გამკაცრებაა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნება-სურვილთან, რომელიც FED-ის მხრიდან განაკვეთის შემცირებას მოითხოვდა.
კევინ უორშის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული მნიშვნელობა არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების, არამედ პიროვნული ფაქტორების გამოც აქვს. განაკვეთის გაზრდით FED-ის ახალმა თავმჯდომარემ დაამტკიცა, რომ მას პრეზიდენტი ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია და ფედერალური რეზერვი ისევ რჩება პოლიტიკურად ნეიტრალურ უწყებად, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.
განაკვეთის ცვლილება მოკლევადიანი ობლიგაციების სარგებლიანობას ზრდის და ამერიკულ დოლარს გამყარებისაკენ უბიძგებს. ამ ცვლილებით ძვირდება სესხები დოლარში და ოდნავ მცირდება ინტერესი აქციების ბაზრისა თუ სხვა სახის საინვესტიციო აქტივების მიმართ, თუმცა თავად ეს გადაწყვეტილება იმდენად მოსალოდნელი იყო, რომ მისი გავლენა უკვე წინასწარ იყო ასახული აქტივების ფასებში.
























