მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კევინ უორშმა კონგრესს FED-ის რეფორმების გეგმა წარუდგინა

უორში

აშშ-ის ფედერალური რეზერვის ახალმა თავმჯდომარემ, კევინ უორშმა წარმომადგენელთა პალატის ფინანსურ კომიტეტს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კონგრესის წინაშე მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, უორშმა აქცენტი გააკეთა რეფორმებზე, რომელთა გატარებასაც ის ცენტრალურ ბანკში გეგმავს.

როგორც ირკვევა, ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი ინფლაციის კონტროლისა და მონეტარული პოლიტიკის გადახედვის მიზნით ხუთი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებს. ამასთან, მან კანონმდებლებთან შეხვედრაზე დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობა დადო და ეკონომიკაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ისაუბრა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უორშის მიერ ინიცირებული რეფორმა კომუნიკაციების, ბალანსის პოლიტიკის, ეკონომიკური მონაცემების, პროდუქტიულობისა და ინფლაციის ჩარჩოების შესწავლას ისახავს მიზნად.

დასახელებული სამუშაო ჯგუფები საკუთარ მიგნებებს თავდაპირველად ღია ბაზრის ფედერალურ კომიტეტს წარუდგენენ, რის შემდეგაც დასკვნები საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. უორშის განცხადებით, FED-ის ბალანსის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილების შეტანამდე, ცენტრალური ბანკი დეტალურ ინფორმაციას წინასწარ გამოაქვეყნებს. ამჟამად $6.7-ტრილიონიან ბალანსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებამდე, რეგულატორი ბაზრის მონაწილეებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ კონგრესმენების კითხვები დიდწილად ფედერალური რეზერვის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ეხებოდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან შესაძლო ზეწოლის შესახებ დასმულ კითხვაზე უორშმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი მხოლოდ კანონსა და ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იმოქმედებს. ტრამპის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოთხოვნის მიუხედავად, თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მას პრეზიდენტისთვის წინასწარი დაპირება არ მიუცია.

საყურადღებოა, რომ ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ტექნოლოგიურ სექტორში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება. მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარება ამჟამად ამერიკის ეკონომიკაში ყველაზე თვალსაჩინო მოვლენაა. უორშმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ქვეყნის პროდუქტიულობასა და მოსახლეობის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მართალია, ახალმა ტექნოლოგიამ შესაძლოა მოკლევადიანი რყევები გამოიწვიოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ის ეკონომიკა ამ პროცესით უდიდეს სარგებელს მიიღებს.

როგორც უორში აცხადებს, AI აშშ-ის ეკონომიკურ ზრდას ძლიერ ბიძგს მისცემს, რაც ქვეყანას საგარეო ვალის გადაფარვაში და ინფლაციური ზეწოლის შემცირებაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები