მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობა ექსპორტის ხარჯზე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ ამერიკაში?

6278c96422a8b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.22 13:00
2667
2022 წლის იანვარ-მარტში საქართველო $3.865-მილიარდიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, ქვეყნის ერთ-ერთმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა TOP-10 სავაჭრო პარტნიორს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში საერთო ვაჭრობაში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 5.5%-იანი წილი დაიკავა და მისი მოცულობა 18.4%-ით, 213.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-საქართველოს ვაჭრობა ამ პერიოდში პანდემიამდელი წლის პირველი სამი თვის მონაცემებსაც აღემატება (2019 წლის I კვარტალი - 186 მლნ დოლარი).

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოსა და აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობაში უმეტესი წილი იმპორტზე მოდის. პირველ კვარტალში ქვეყნიდან ამ მიმართულებით სხვადასხვა საქონლის შესაძენად 129.8 მლნ დოლარი გავიდა და მისმა წილმა საერთო იმპორტში 4.8% შეადგინა, თუმცა იმპორტის მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13.2%-ით არის შემცირებული.

ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის დასაწყისში, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები შეიძინა. TOP-10 საიმპორტო საქონლის სია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 110 მლნ დოლარი;
2. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 2.9 მლნ დოლარი, 5 300 ტონა;
3. ბინოკლები და სხვა ოპტიკური მილები და მათი არმატურა - 1.3 მლნ დოლარი;
4. გაყინული თევზი - 1.2 მლნ დოლარი, 633 ტონა;
5. სხვადასხვა კვების პროდუქტები - 900 ათასი დოლარი, 17 ტონა;
6. შერეული საქონელი - 883 ათასი დოლარი;
7. ნახმარი ტანსაცმელი და ნაწარმი - 772 ათასი დოლარი, 55 ტონა;
8. შინაური ფრინველის, გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 645 ათასი დოლარი, 797 ტონა;
9. ბრეზენტი, ჩარდახები, მზისაგან დასაცავი შტორები - 615 ათასი დოლარი, 16 ტონა;
10. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 563 ათასი დოლარი, 1 ტონა.

გარდა ამისა, აშშ-დან ქვეყანამ მცირე მოცულობებით თხილი, საზომი და საკონტროლო ხელსაწყოები, კოსმეტიკური საშუალებები, საფრენი აპარატების ნაწილები და სხვა საქონელი შეიძინა.

იმპორტის კლების საპირისპიროდ, 2022 წლის დასაწყისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 173.9%-ით მოიმატა და 83.3 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, ექსპორტის ჯამური მაჩვენებლის ზრდის გათვალისწინებით, უმეტესი საქონლის რეალიზების მოცულობები გაზრდილია, თუმცა გასული წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებული TOP-10 საქონლის ჩამონათვალიდან მაგალითისთვის მინერალური წყლებისა და სანელებლების ექსპორტი 2022 წლის პირველ სამ თვეში შემცირებულია. იანვარ-მარტის TOP-10 საექსპორტო საქონელი:

1. ფეროშენადნობები - 74.7 მლნ დოლარი, 32 888 ტონა;
2. დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 3.3 მლნ დოლარი, 410 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.096 მლნ დოლარი, 180 ტონა;
4. საფრენი აპარატების ნაწილები - 653 ათასი დოლარი, 2 ტონა;
5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 604 ათასი დოლარი, 383 ტონა;
6. ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე - 492 ათასი დოლარი, 159 ტონა;
7. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 490 ათასი დოლარი, 166 ტონა;
8. მინერალური და მტკნარი წყლები - 448 ათასი დოლარი, 597 ტონა;
9. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 197 ათასი დოლარი, 233 ტონა;
10. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 181 ათასი დოლარი, 156 ტონა.