მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური კავშირი რიცხვებში?

ეკონომიკა

საბერძნეთში დღეს ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. ხვალ კი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზურს მოიპოვებს. ეროვნული ნაკრებების თამაში, ხვალ - 26 მარტს საქართველოში, „დინამო არენას“ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ევროსტატის მონაცემებით, საბერძნეთში 10 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 2.3%-ია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 20 920 ევროს შეადგენს. საბერძნეთი ევროკავშირის წევრი 1981 წლიდან გახდა.

BM.GE-ი დაინტერესდა რა ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან საბერძნეთთან. ვაჭრობის, ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური კავშირები არც ისე მოცულობითია.

სავაჭრო ბრუნვა

საბერძნეთთან რეკორდული სავაჭრო ბრუნვა 2014 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი 131 მილიონ 285 ათას დოლარამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ვაჭრობის რიცხვები არაერთგვაროვანი იყო, 2020 წლის შემდეგ კი დინამიკა მზარდია. 2023 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 84 მილიონ 643 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება.

საბერძნეთთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტდამოკიდებულია, თუმცა გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის ამ წევრ სახელმწიფოში 213.9%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, რამაც 14 მილიონ 533 ათასი დოლარი შეადგინა.

საექსპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს. 2023 წელს ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $9.3 მლნ, 24 836 ტონა;
  2. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $1.2 მლნ, 1 214 ტონა;
  3. ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - $904 ათასი, 439 ტონა;
  4. თხილი და სხვა კაკალი - $553 ათასი, 104 ტონა;
  5. კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - $417 ათასი, 22 ტონა;

ამ საქონლის გარდა საბერძნეთში ხილისა და ბოსტნეულის წვენები, დაუმუშავებელი ტყვია, სპილენძის ჯართი, სინთეზური პოლიმერების საღებავები და ლაქები, შაქრის დანამატებით მინერალური და დაგაზიანებული წყლები და სხვა საქონელი გავყიდეთ.

როგორც აღვნიშნეთ, იმპორტს საქართველო-საბერძნეთის სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი უკავია, თუმცა 2023 წელს საქართველომ საბერძნეთიდან 70 მლნ 110 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნახევარზე მეტი ამ შემთხვევაშიც ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $37.2 მლნ, 36 510 ტონა;
  2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $9.5 მლნ, 278 ტონა;
  3. საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი - $2 მლნ, 1 008 ტონა;
  4. დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - $1,3 მლნ, 60 ტონა;
  5. საღებავები და ლაქები სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძველზე - $998 ათასი, 175 ტონა;

ამ საქონლის გარდა საბერძნეთიდან მინის და საბაღეს საგოზავები, მოხალული და მოუხალავი ყავა, აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა საქონელი შევიძინეთ.

ინვესტიციები

საქართველოში ბერძნული ინვესტიციების მოცულობა წლების განმავლობაში მინიმალურია. საბერძნეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ფინანსური რესურსის შემოდინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2002 წელს დაფიქსირდა და ინვესტიციის მოცულობამ 19 მილიონ 424 ათასი დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ ინვესტიციები შემცირდა და 3-4 მილიონს არ აღემატებოდა.

ფულადი გზავნილები

2023 წელს ქვეყნების რეიტინგის მიხედვით ფულად გადმორიცხვებში საბერძნეთს მეოთხე ადგილს იკავებდა. წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების სახით ქვეყანაში შემოსული 4 მილიარდ 123 მილიონი დოლარიდან, 242 მილიონ 997 ათასი დოლარი საბერძნეთზე მოდიოდა. ამგვარად საბერძნეთი მხოლოდ რუსეთს, იტალიას და აშშ-ის ჩამორჩება.

ტურიზმი

რაც შეეხება ტურიზმის სტატისტიკას, გასულ წელს საბერძნეთიდან ჩვენს ქვეყანაში ჯამურად 22 716 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 52.6%-ით, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს 7.4%-ით აღემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს საბერძნეთიდან საქართველოში ტურიზმი სრულად აღდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები