მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა - ურთიერთობა რიცხვებში

ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც საქართველოს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და რომელიც ქვეყნის სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად და ამავე დროს FDI-ის კუთხით მნიშვნელოვან ინვესტორ ქვეყნად იქცა. BMG გთავაზობთ საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში.

ვაჭრობა

საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვამ 8 თვეში 1 მილიარდ 278 მილიონი დოლარი შეადგინა. დასავლელმა პარტნიორმა, მეზობელი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ უმსხვილესი სავაჭრო მიმართულებების რეიტინგში 8.7%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა წლიურად 10%-ით შემცირდა.

აშშ-სთან ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში იმპორტის კლების ხარჯზე შემცირდა. ამ პერიოდისთვის საქართველომ ამერიკიდან 1 მილიარდ 186 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებელს 13.5%-ით ჩამორჩება.

ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში იმპორტი მთავარ ადგილს იკავებს და რამდენიმე წელია, რაც ეს მაჩვენებელი დადებითი ტენდენციით ხასიათდება, რაც ძირითადად ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანის გაზრდილი სტატისტიკით არის განპირობებული. 8 თვეში აშშ საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში თურქეთის შემდეგ 11.3%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.

ექსპორტ-იმპორტში მთავარი სავაჭრო საქონლის - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირებულია. სწორედ ამან განაპირობა იმპორტის და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვის შემცირებაც. წელს საქართველოში ამერიკიდან 1 მილიარდ 68 მილიონი დოლარის 89 451 ავტომობილი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 103 975 ავტომობილის ღირებულება 1 მილიარდ 298 მილიონ დოლარს შეადგენდა. აშშ-დან იმპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილი - $1.068 მლრდ, 89 451 ცალი;
  2. თხილი და სხვა კაკალი - $17.3 მლნ, 2 914 ტონა;
  3. კოსმეტიკური საშუალებები - $4.5 მლნ; 67 ტონა;
  4. კვების პროდუქტები -$4.2 მლნ, 103 ტონა;
  5. მოტოციკლები და ველოსიპედები - $3.8 მლნ; 586 ცალი.

გარდა ამისა, ამერიკიდან წელს შევიძინეთ ტანსაცმელი, შინაური ფრინველის ხორცი, ავტომანქანის ნაწილები, სატელეფონო აპარატები, გაყინული თევზი, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები და ა.შ.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან აშშ-ში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი მცირეა, თუმცა ამერიკა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2.2%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებს. წლის პირველ რვა თვეში საქართველომ ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით 92 მილიონ 361 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 85.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტის ნახევარზე მეტი ადგილობრივი ნაწარმის ფეროშენადნობების გაყიდვაზე მოდის, რაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში თითქმის გაორმაგდა. შეგვიძლია ვთქვა, რომ ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ფეროშენადნობების გაზრდილი გაყიდვებია.

აშშ-ში ექსპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ფეროშენადნობები - $59 მლნ, 48 056 ტონა;
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $5.3 მლნ, 896 ტონა;
  3. საფრენი აპარატების ნაწილები - $4.9 მლნ, 23 ტონა;
  4. შავი ლითონების მილები, მილაკები - $4.4 მლნ, 4 181 ტონა;
  5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $3.5 მლნ, 2 416 ტონა;

გარდა ამისა, 8 თვეში ამერიკაში საქართველოდან გავიდა წყალბადი და ინერტული აირები, ეთილის სპირტი, მინერალური წყლები, დაწებებული ფანერა, სუნამოები და ტუალეტის წყალი და სხვა.

ინვესტიციები

2024 წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არამხოლოდ ვაჭრობის მიმართულებით იყო მოწინავე ქვეყანა, არამედ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც, რომელიც მხოლოდ აპრილ-ივნისში ინვესტორი ქვეყნების პირველ ათეულში მეშვიდე ადგილს იკავებდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციები არც ისე დიდია და წელს ამერიკული FDI-ის მოცულობა შემცირებულია. საქსტატის მიხედვით, 6 თვეში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ჩადებული ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 52.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-ივნისში ჯამურად 82.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. უნდა ითქვას ისიც, რომ 2023 წელს ამერიკული ინვესტიციების მოცულობა წლიურად 182 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (2022 წელს 178.7 მლნ დოლარი იყო).

ფულადი გზავნილები

აშშ დაწინაურდა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების რეიტინგშიც. მხოლოდ აგვისტოში ქვეყანაში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 51 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის აგვისტოს თვის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება.

2024 წლის იანვარ-აგვისტოში აშშ-დან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 367.6 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 291.5 მლნ დოლარი იყო.

ტურიზმი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მოგზაურობის მაჩვენებელი არც ისე დიდია. ოკეანის გაღმა მდებარე ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობა 327 მილიონი ადამიანია, იანვარ-ივნისში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 18.9%-ით გაიზარდა და შედეგად 21 718 ვიზიტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები