"ქართული ოცნების" სამთავრობო დელეგაცია ყაზახეთს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, 5-6 თებერვალს, გაიმართება ირაკლი კობახიძის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ამასთან, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი უმასპინძლებს.
როგორია საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირი?
ბოლო წლებში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობა განსაკუთრებით ვაჭრობის მიმართულებით განვითარდა, რაც ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ზრდით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთიდან ფულადი გზავნილებიც, მათ შორის, გააქტიურებული ავტორეექსპორტის პირობებში გაიზარდა. თუმცა დადებითი დინამიკაა საქართველოში პირდაპირი ყაზახური ინვესტიციების შემოდინებისა და ტურიზმის კუთხითაც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ტურისტული ვიზიტების ზრდა ყაზახური ავიაკომპანიების გახშირებული ფრენებით არის განპირობებული.
ინვესტიციები
საქართველოში ყაზახური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება 2005 წლიდან იწყება. ამ მხრივ ყველაზე მეტი FDI 2006 წელს შემოვიდა, რამაც $161 მილიონი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში არც ისე დიდია. 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 36.2 მილიონი დოლარის პირდაპირი ყაზახური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2022 წლის FDI-ის 4 მილიონით აღემატება. 2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკაში ყაზახებმა 28.9 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩადეს. 2024 წლის FDI-ის ჯამურ მაჩვენებელს საქსტატი მარტში გამოაქვეყნებს.
ყაზახეთი-საქართველოს ეკონომიკური გაერთიანების დაკვეთით, თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული მიმოხილვის მიხედვით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ყაზახეთიდან საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი ინვესტიციების მიმღები საფინანსო სექტორი იყო. პირდაპირი ინვესტიციები ყაზახეთიდან, ამ სექტორის გარდა, შემდეგ სექტორებზე ნაწილდება: მშენებლობა, HORECA, ტრანსპორტირება, უძრავი ქონება და სხვა. ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს ყაზახეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციის 70%-ზე მეტი ტრანსპორტირებისა და ფინანსურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციაზე მოდის.
სავაჭრო ბრუნვა
საქართველო-ყაზახეთს შორის საქონლით ვაჭრობა 2020 წლამდე არასტაბილური იყო, თუმცა ამ წლის შემდეგ ვაჭრობაში დადებითი დინამიკა გამოიკვეთა. ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რაც სატრანსპორტო-ლოგისტიკური ხაზების შუა დერეფანზე გადმომისამართებით აიხსნება. შედეგად 2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 922 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის რიცხვებს 25%-ით აღემატება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 2 წელია ყაზახეთი ბრუნვის მიხედვით TOP-10 პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.
საქართველო-ყაზახეთის ბოლო 10 წლის ვაჭრობის დინამიკა:
2015 წელი |
$67.1 მლნ |
2016 წელი |
$62.1 მლნ |
2017 წელი |
$81.7 მლნ |
2018 წელი |
$149.5 მლნ |
2019 წელი |
$96.4 მლნ |
2020 წელი |
$82.1 მლნ |
2021 წელი |
$116.3 მლნ |
2022 წელი |
$274.5 მლნ |
2023 წელი |
$736.1 მლნ |
2024 წელი |
$922.0 მლნ |
სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე ყაზახეთის მოხვედრა, რეკორდულად გაზრდილი ექსპორტიდან გამომდინარეობს. საქართველოდან ყაზახეთში გაზრდილი ექსპორტის მიზეზი კი მსუბუქი ავტომობილების გაზრდილი რეექსპორტია. სწორედ ამ პროდუქტზე მოდის საქართველოდან ყაზახეთში გატანილი საქონლის დიდი წილი. ქვეყნების სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტზე 93% მოდის. გასულ წელს საქართველოდან ყაზახეთში გატანილი საქონლის ღირებულებამ 860 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ექსპორტს 22.3%-ით აღემატება. შედეგაც უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებების რეიტინგში ყაზახეთმა 2024 წელს 13.1%-იანი წილით, ყირგიზეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. [ყირგიზეთშიც ექსპორტი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზეა გაზრდილი].
როგორც აღვნიშნეთ ექსპორტში მთავარი ადგილი ავტომობილების რეექსპორტს უკავია, რაც ყაზახეთში მთლიანი ექსპორტის 87%-ია. 2024 წელს ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი 27%-ით 751 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში 48 986 ერთეული ავტომობილი გავიდა. PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს ეხება, ნავარაუდებია, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი, საბოლოოდ რუსეთში ხვდება, რითაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნა ნაწილობრივ აიხსნება.
ყაზახეთში 2024 წელს ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული:
- მსუბუქი ავტომობილები - $751 მლნ, 48 986 ცალი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $30 მლნ, 38 874 646 ლიტრი;
- მინერალურისა და დაგაზიანებული წყლები შაქრის დანამატებით - $16.8 მლნ, 16 764 181 ლიტრი;
- მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $12.1 მლნ, 392 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $10.6 მლნ, 3 294 436 ტონა;
- სიგარები, სიგარილები - $5.1 მლნ, 412 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები - $3.2 მლნ, 146 ცალი;
- მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - $2.5 მლნ, 11 521 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული - $2.5 მლნ, 453 ტონა;
- ციანიდები, ოქსიდციანიდები - $2.5 მლნ, 1 145 ტონა;
იმპორტი
საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს მცირე ადგილი უკავია. თუმცა 2024 წელს ყაზახეთიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია. გასულ წელს საქართველომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან 62 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა, რაც წლიურად 88%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საიმპორტო საქონლის რეიტინგში კი პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებენ.
ყაზახეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $11 მილიონი დოლარი, 12 432 ტონა;
- ნაწარმი შავი ლითონებისაგან, გამოსაყენებელი სარკინიგზო და ტრამვაის ლიანდაგებისათვის - $5.4 მლნ, 4 405 ტონა;
- საშუალებები თმებისათვის - $3.9 მლნ, 528 ტონა;
- სხვა საფრენი აპარატები - $3.7 მლნ, 32 ტონა;
- ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი - $2.8 მლნ, 7 848 ტონა;
- პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - $2.2 მლნ, 1 249 ტონა;
- სიგარები, სიგარილები - $2.1 მლნ, 117 ტონა;
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $1.6 მლნ, 23 ტონა;
- ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - $1.6 მლნ, 23 ტონა;
- წიდა, დროსი, ხენჯი და შავი ლითონების წარმოების სხვა ნარჩენები - $1.4 მლნ, 3 891 ტონა.
PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტში, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება, მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ: „საქართველოსა და ყაზახეთს შორის ექსპორტისა და იმპორტის რაოდენობრივი მონაცემების შედარებითი უპირატესობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სავაჭრო პროდუქტები, რომლებსაც საქართველოსა და ყაზახეთს შორის მოგებიან ფასად ვაჭრობის მაღალი პოტენციალი აქვთ. შედეგების მიხედვით, ყაზახეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო რესურსი ჯერ კიდევ აუთვისებელია. საქართველოსა და ყაზახეთს შორის ბილატერალური ვაჭრობის მეტად გასაღრმავებლად შესაძლებელია როგორც არსებული სავაჭრო პროდუქტებით ვაჭრობის მოცულობის გაზრდა, ასევე ახალი პროდუქტებით ვაჭრობის დაწყება ამ ქვეყნებში მზარდი იმპორტის დასაკმაყოფილებლად.
აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირებული, ყაზახეთიდან იმპორტის მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების, მნიშვნელოვანი ნაწილის შემოტანა ამჟამად საქართველოში რუსეთიდან ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ყაზახეთის როლი მნიშვნელოვანია საქართველოს რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. განსაკუთრებით კი, ისეთი პროდუქტების 3 შემთხვევაში, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებისთვის (მაგ. ფქვილი, კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა და სხვა მარცვლეული)“.
ტურიზმი
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ყაზახი ტურისტების ნაკადები გაზრდილია. ეს თავის მხრივ ყაზახური ავიაკომპანიების მიერ საქართველოს მიმართულებით გაზრდილმა სიხშირეებმა განაპირობა. შედეგად, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიერ ქვეყნების რეიტინგში ყაზახეთი მეექვსე ადგილს იკავებს. 2024 წელს ქვეყანაში ყაზახეთიდან 178 930 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის სტატისტიკას 6.8%-ით აღემატება.
ფულადი გზავნილები
2024 წელს ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ყაზახეთი მეშვიდე ადგილს იკავებდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების სახით 116.6 მილიონი გადმოირიცხა. ეს რიცხვი 41%-ით შემცირებულია. სებ-ის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების ნაკადები განსაკუთრებით 2022 წლიდან გაიზარდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურების პერიოდს ემთხვევა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები ავტომობილების შესაძენად ირიცხებოდა.