საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან ერთად ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობს. მის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან მართავს.
ვიდრე სახელმწიფო უწყებები მუშაობენ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ცენტრალური აზიის ამ კონკრეტულ ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდოს, „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ქვეყანაში შემოსული ყაზახი ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, საზღვარზე გახშირებული ყაზახების საზღვარზე არ შემოშვების ფაქტები, საქართველოში შემოსულებს კი ისინი სხვადასხვა დაწესებულებებში არასათანადო და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას აწყდებიან.
გაერთიანების საგანგებო განცხადებაში საუბარია ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე - ინვესტიციებისა და ვაჭრობის დადებით ტენდენციებზე, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს.
როგორია ქართულ-ყაზახური ეკონომიკური კავშირის დინამიკა?
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო -ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვა დადებითია, თუმცა ზრდა ძირითადად საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული. სწორედ ექსპორტის ზრდამ განაპირობა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ყაზახეთის მოხვედრა. აღსანიშნია, რომ 2024 წელს ყაზახეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 922 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიური ზრდა 25.2% იყო.
2025 წლის I კვარტალში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 193 მილიონ 632 ათასი დოლარის შეადგინა, რაც გასული წლის რიცხვებს 20.7%-ით აღემატება. ამ პერიოდისთვის ეს საქართველო-ყაზახეთის ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
სავაჭრო ბალანსი დადებითია და ექსპორტი ბრუნვაში ძირითად ადგილს იკავებს. იანვარ-მარტში საქართველოდან ყაზახეთში 176 მილიონ 154 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ, რაც წლიურად 19.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამგვარად ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში ცენტრალური აზიის ამ ქვეყანამ 12.6%-იანი წილით ყირგიზეთის შემდეგ [სადაც ასევე ექსპორტი ავტომობილების რეექსპორტის ზრდითაა განპირობებული] მეორე ადგილი დაიკავა.
I კვარტალში ყაზახეთში ექსპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი:
- მსუბუქი ავტომობილები - $146.7 მლნ, 8 227 ცალი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $7.8 მლნ, 9 300 299 ლიტრი;
- ლიმონათები - $7.8 მლნ, 4 949 052 ლიტრი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $2.8 მლნ, 826 005 ლიტრი;
- ფრინველის ხორცი ახალი ან გაცივებული - $1.3 მლნ, 931 ტონა;
ამ პროდუქტების გარდა, წელს ყაზახეთში მაცივრები, ციანიდები, სატვირთო ავტომობილები, მოტოციკლები და ველოსიპედები და სხვა საქონელი გავყიდეთ.
მიმდინარე წლის I კვარტალში გაიზარდა ასევე იმპორტი. ამ პერიოდში საქართველოდან ყაზახეთში საქონლის შესაძენად 17.4 მლნ დოლარი გავიდა, რაც 30.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის ამ პერიოდისთვის ყველაზე დიდი რაოდენობით ყაზახური ხორბალი ვიყიდეთ.
I კვარტალში ყაზახეთიდან იმპორტირებული TOP-5 საქონელი:
- ხორბალი და მესლინი - $4.8 მლნ, 21 236 ტონა;
- თმების საშუალებები - $1.2 მლნ, 165 ტონა;
- ფეროშენადნობები - $967 ათასი, 1 035 ტონა;
- შოკოლადები და კაკაოს შემცველობის პროდუქტები - $840 ათასი, 81 ტონა;
- თავიანი ხახვი, პრასი, ნიორი - $734 ათასი, 3 156 ტონა;
ფულადი გზავნილები
2025 წლის I კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 786 მილიონ 585 ათასი დოლარი შემოვიდა. გზავნილების მოცულობის მიხედვით, ყაზახეთი ქვეყნების რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. წლის ამ პერიოდში ყაზახეთიდან ჯამში 17.5 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. კლება 44.8%-ია. წელს სულ 4 700 გზავნილის გადმორიცხვა ფიქსირდება, მაშინ როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში 6 200 იყო.
იანვარ-მარტის ჭრილში წლების მიხედვით ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების დინამიკა ასეთია:
2025 წლის I კვარტალი - $17.5 მლნ;
2024 წლის I კვარტალი - $31.7 მლნ;
2023 წლის I კვარტალი - $39 მლნ;
2022 წლის I კვარტალი - $27.9 მლნ;
2021 წლის I კვარტალი - $6.3 მლნ;
გზავნილების დინამიკიდან ჩანს, რომ ყაზახეთიდან ფულადი გადმორიცხვები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა.
ფულადი გზავინილების მოცულობა გასულ 2024 წელს ჯამში 116 მილიონ 622 ათას დოლარამდე შემცირდა. 2023 წელი ამ მხრივ რეკორდული იყო, როდესაც ყაზახეთიდან 198 მილიონ 981 ათასი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა.
ინვესტიციები
რაც შეეხება პირდაპირ ყაზახურ ინვესტიციებს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით ქვეყანის ეკონომიკაში 2024 წელს 31.6 მლნ დოლარის ყაზახური ინვესტიცია ჩაიდო, რაც თითქმის 5 მილიონით ნაკლების 2023 წლის პირდაპირი ინვესტიციების მოცულობაზე. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახები საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებს სხვადასხვა დარგში დებენ. ესენია ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი, დეველოპმენტი და წარმოება.
ტურიზმი
რამდენიმე წლიანი დადებითი დინამიკის შემდეგ, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-მარტი საქართველოში ტურისტულად არც ისე აქტიური პერიოდია და წლის სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, ეს დრო ტურისტების მცირე ნაკადებით ხასიათდება, თუმცა კვარტალურ ჭრილში ყაზახეთიდან ვიზიტების კლება ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში ყაზახეთიდან 21 625 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6 249 ვიზიტით, ანუ 22.4%-ით ნაკლებია.
შემცირებული მაჩვენებლის მიუხედავად, ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, TOP-15 ქვეყნის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. ის ამ რეიტინგში გასულ წელთან შედარებით 2 ადგილით ჩამოქვეითდა. გასულ წელს ყაზახეთს რეიტინგში მეშვიდე ადგილი ეკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიური პერიოდის შემდეგ წლების განმავლობაში, როგორც კვარტალურ, ასევე წლიურ ჭრილში საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტები მზარდი იყო. ბოლო 4 წლის სტატისტიკა ასეთია:
2021 წელი - 66 787 ვიზიტი;
2022 წელი - 120 494 ვიზიტი;
2023 წელი - 167 492 ვიზიტი;
2024 წელი - 178 930 ვიზიტი;