მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია საქართველო - მოლდოვის ეკონომიკური კავშირები?

მოლდოვა

მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, პროდასავლელი პრეზიდენტის მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. სანდუს პრეზიდენტობის პირობებში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოსგან განსხვავებით, აქტიურად მიმდინარეობს.

BMG საქართველო-მოლდოვის ეკონომიკური კავშირებით დაინტერესდა.

2025 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის თითქმის 19 მლნ დოლარია. აქედან ექსპორტი 13 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 5.6 მლნ დოლარს შეადგენს. 2024 წლის 8 თვესთან შედარებით ექსპორტი 71%-ით არის გაზრდილი; ხოლო იმპორტი თითქმის 54%-ით შემცირდა.

წლევანდელი მონაცემებით, მოლდოვასთან ექსპორტში პირველ ადგილს ავტომობილები იკავებს თითქმის 6 მლნ დოლარით; მეორეზეა მინერალური და მტკნარი წყლები 2 მლნ დოლარით; 1.6 მლნ დოლარით მესამე ადგილზე კი ექსტრაქტებია (სათრიმლავი მცენარეული წარმოშობის).

რაც შეეხება იმპორტს, 1.3 მლნ დოლარით პირველ ადგილზეა სამკურნალო საშუალებები; 691 ათასი დოლარით პური და საკონდიტრო ნაწარმი; ხოლო მესამე ადგილზეა 663 ათასი დოლარით რეზერვუარები და ცისტერნები.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვა 82%-იანი 32 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქედან 13 მლნ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი თითქმის 19 მლნ დოლარი იყო.

საქსტატი ინფორმაციით, შარშან მოლდოვიდან ინვესტიციების მოცულობა 61 ათას დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა 2023 წელს 509 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ინვესტიციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 1996 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან როცა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინვესტიციების გამოქვეყნება დაიწყო.

საქართველო მოლდოვიდან ვიზიტორებიც სტუმრობენ, მიმდინარე წლის ორი კვარტალის მონაცემებით, მოლდოვიდან ვიზიტორები 6059 შეადგენს, რაც წლიურად უმნიშვნელო 0.6%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში ვიზიტორებმა 2023-2024 წლებში 12 042 და 15 636 შეადგინა.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს 8 თვეში მოლდოვიდან 6.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მოლდოვიდან ფულადი გზავნილები 7.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

მოლდოვიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ასეთია:

  • 2024 წელი - 7.1 მლნ დოლარი;
  • 2023 წელი - 3.9 მლნ დოლარი;
  • 2022 წელი - 4.4 მლნ დოლარი;
  • 2021 წელი - 7.7 მლნ დოლარი;
  • 2020 წელი - 2.5 მლნ დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები