ბოლო წლებში საქართველოსა და ავსტრალიას შორის სავაჭრო და ტურისტული კავშირები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2026 წლის მაჩვენებლები, სადაც 9 თვის მონაცემებით ექსპორტმა და ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ გასული წლის სრულ მონაცემებს უკვე გადააჭარბა.
BM.GE დაინტერესდა, როგორია ეკონომიკური კავშირი ავსტრალიასთან.
ვაჭრობა
სავაჭრო ბრუნვა
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და ავსტრალიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 6.25 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებელი უკვე 21.8%-ით აღემატება 2025 წლის სრულ წლიურ ბრუნვას (5.13 მლნ აშშ დოლარი) და 2021 წლიდან ყველაზე მაღალი შედეგია.
სტატისტიკის მიხედვით, 2018-2020 წლების პიკის შემდეგ (რაც მსხვილი იმპორტით იყო განპირობებული), ორმხრივი ვაჭრობა 2021-2023 წლებში შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, 2024 წლიდან კი სტაბილური ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა:
- 2018 წელი: 18.40 მლნ აშშ დოლარი
- 2019 წელი: 77.20 მლნ აშშ დოლარი
- 2020 წელი: 20.02 მლნ აშშ დოლარი
- 2021 წელი: 2.90 მლნ აშშ დოლარი
- 2022 წელი: 2.93 მლნ აშშ დოლარი
- 2023 წელი: 2.43 მლნ აშშ დოლარი
- 2024 წელი: 3.70 მლნ აშშ დოლარი
- 2025 წელი: 5.13 მლნ აშშ დოლარი
- 2026 წელი (9 თვე): 6.25 მლნ აშშ დოლარი
იმპორტი
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ავსტრალიიდან საქართველოში იმპორტის მოცულობამ 962.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ბოლო წლების განმავლობაში იმპორტი სტაბილურად 0.9–1.5 მლნ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გამონაკლისი იყო 2018, 2019 და 2020 წლები, როდესაც იმპორტმა, შესაბამისად, 17, 76 და 13.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ძირითადად დიდი ოდენობის სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანამ განაპირობა.
TOP 10 პროდუქტი, რომელიც საქართველოს ავსტრალიიდან შემოაქვს (2026 წლის 9 თვე):
| # | საქონლის დასახელება | მათასი აშშ დოლარი |
| 1 | ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული | 241.1 |
| 2 | ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან | 98.2 |
| 3 | ტრაქტორები და უნაგირა საწევარები | 91.3 |
| 4 | ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები | 44.1 |
| 5 | საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის | 43.6 |
| 6 | ამწე, ჩასატვირთ-გადმოსატვირთი, საბურღი ან სატკეპნი და სხვა მანქანების და მოწყობილობების ნაწილები | 42.0 |
| 7 | მოწყობილობები თხევად კრისტალებზე | 40.3 |
| 8 | ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; საწეველები სითხის | 30.8 |
| 9 | კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები | 30.7 |
| 10 | აპარატურა ელექტრული 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის წრედების კომუტაციის ან დაცვისათვის | 30.5 |
ექსპორტი
ორმხრივ ვაჭრობაში ძირითადი წილი საქართველოდან ავსტრალიაში გატანილ პროდუქციაზე მოდის - 2026 წლის 9 თვეში ექსპორტმა ჯამური სავაჭრო ბრუნვის 84.6% დაიკავა. იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მოცულობამ 5.29 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე 43.4%-ით აღემატება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს (3.69 მლნ დოლარი).
საქართველოდან ავსტრალიაში ექსპორტის ყველაზე მაღალი დონე 2020 წელს დაფიქსირდა (6.46 მლნ აშშ დოლარი). მომდევნო წლებში მოცულობა შემცირდა, თუმცა 2024 წლიდან კვლავ აღმავალი ტენდენცია გამოიკვეთა.
2026 წლის 9 თვეში საექსპორტო კალათაში აბსოლუტური ლიდერი ხილისა და ბოსტნეულის წვენებია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის თითქმის 75% მოდის.
TOP 10 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ავსტრალიაში გაგვაქვს (2026 წლის 9 თვე):
| # | საქონლის დასახელება | ათასი აშშ დოლარი |
| 1 | ხილისა და ბოსტნეულის წვენები | 3 905.4 |
| 2 | მზა ან დაკონსერვებული თევზი; ზუთხის ხიზილალა და მისი შემცვლელები | 473.2 |
| 3 | რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი | 203.3 |
| 4 | თხილი და სხვა კაკალი | 196.5 |
| 5 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | 174.0 |
| 6 | ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული | 118.3 |
| 7 | მოწყობილობები ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო | 77.4 |
| 8 | წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან | 30.6 |
| 9 | მინერალური და მტკნარი წყლები | 29.3 |
| 10 | სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები | 19 |
ტურიზმი
2026 წლის პირველ სამ კვარტალში (9 თვეში) ავსტრალიიდან საქართველოში 7 820 ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (7 216 ვიზიტი) 8.4%-ით აღემატება. განსაკუთრებით აქტიური იყო 2026 წლის მესამე კვარტალი, როდესაც ქვეყანას 4 301 ავსტრალიელი ვიზიტორი ეწვია (წლიური ზრდა 25.1%).
ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიიდან ტურისტული ნაკადები პანდემიის შემდეგ უწყვეტად იზრდება:
- 2019 წელი: 8 807 ვიზიტი
- 2020 წელი: 771 ვიზიტი
- 2021 წელი: 967 ვიზიტი
- 2022 წელი: 3 726 ვიზიტი
- 2023 წელი: 6 057 ვიზიტი
- 2024 წელი: 7 655 ვიზიტი
- 2025 წელი: 9 168 ვიზიტი
შესაბამისად, 2025 წელს ავსტრალიიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, 2026 წლის ტემპი კი ახალი რეკორდის დამყარებაზე მიუთითებს.
საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები ავსტრალიიდან

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
2026 წლის პირველ ორ კვარტალში (6 თვეში) ავსტრალიიდან საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 551.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგს (347.5 ათასი აშშ დოლარი) 58.8%-ით აღემატება.
წლიურ ჭრილში ავსტრალიური ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა: 2023 წელს ქვეყანაში 1.92 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, 2024 წელს – 1.90 მლნ, ხოლო 2025 წელს წლიურმა მაჩვენებელმა 978.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები
ავსტრალიიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ პიკს 2021 წელს მიაღწია (4.70 მლნ აშშ დოლარი), რის შემდეგაც 2022 წელს 4.15 მლნ დოლარი შეადგინა, 2023–2025 წლებში კი შედარებით დაბალ, სტაბილურ ნიშნულზე დასტაბილურდა.
2026 წლის 9 თვეში ავსტრალიიდან საქართველოში 2.29 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც უკვე თითქმის უტოლდება 2025 წლის სრულ წლიურ მოცულობას.
























