მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზრდილი FDI, ფულადი გზავნილები და ტურიზმი, შემცირებული ვაჭრობა - გერმანია საქართველოს ეკონომიკური კავშირები

მოქალაქეობა

საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში პირველად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დაიბარა. ამ ფაქტს გერმანიის საგარეო უწყების განცხადება მოჰყვა, სადაც სახელმწიფო უწყება თავისი დიპლომატის მიმართ „აგრესიულ რიტორიკას“ და „უსაფუძვლო დაბარებას“ გმობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ შეხვედრისას გერმანელ დიპლომატს „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი შეახსენეს, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური წარმომადგენელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს და არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლის შემდეგ პეტერ ფიშერი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გერმანიის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაში თავად მივიდა და ითხოვდა "გრანტების კანონი" გერმანული ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებზე არ გავრცელებულიყო. ეს ინფორმაცია საქართველოში გერმანიის ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ თხოვნაზე მან უარი მიიღო, რის გამოც "გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს“.

BMG დაინტერესდა - როგორ ვითარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ვაჭრობის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის ოფიციალურ მონაცემებს გთავაზობთ:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

გერმანიიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იწყება. წლების განმავლობაში გერმანული ბიზნესის დაინტერესება საქართველოთი იზრდებოდა და FDI-ის მოცულობამ რეკორდულ 142 მილიონიან მაჩვენებელს 2012 წელს მიაღწია.

ბოლო 5 წლის განმავლობაში გერმანული ინვესტიციების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში წლების მიხედვით ცვალებადია. გასულ - 2024 წელს გერმანიიდან FDI-ის სახით $56.1 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად გაორმაგებული მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ ნახევარში კი გერმანული ინვესტიციების მოცულობა თითქმის 200%-ით 24.7 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში გერმანიიდან FDI-ის შემოდინება ასეთი იყო:

2020 წელი - $36.5 მლნ;

2021 წელი - $37.8 მლნ;

2022 წელი - $33.7 მლნ;

2023 წელი - $25.6 მლნ;

2024 წელი - $56.1 მლნ;

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო-გერმანიის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 8 თვეში 5.4%-ით 820.6 მლნ დოლარამდე შემცირდა. ეს კი იმპორტის კლების ხარჯზე მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ გერმანიიდან იმპორტის მაჩვენებელი განაპირობებს იმას, რომ დასავლეთ ევროპის წამყვანი ეკონომიკის ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში ხვდება.

წელს იანვარ-აგვისტოს მონაცემებით კი საქართველომ გერმანიიდან 781 მილიონ 763 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გერმანიიდან მთავარი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის შემოყვანა წელს 8 თვეში შემცირდა. სწორედ ამან გამოიწვია იმპორტის შემცირებაც.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $372.3 მლნ, 4 784 ცალი;
  2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $55.7 მლნ, 413 ტონა;
  3. სატვირთო ავტომობილები - $25.5 მლნ, 2 587 ცალი;
  4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $11.8 მლნ, 2 380 ტონა;
  5. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $10.6 მლნ, 365 ტონა;
  6. მედიცინაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $9.1 მლნ, 96 ტონა;
  7. ტრაქტორები და სპეცტექნიკა - $7.7 მლნ, 523 ტონა;
  8. კვების პროდუქტები - $7.6 მლნ, 917 ტონა;
  9. ვაქცინები და იმუნური პროდუქტები - $6 მლნ, 6 ტონა;
  10. ლუდი - $6 მლნ, 4 458 691 ლიტრი;

BM.GE-მ საქსტატიდან გერმანიიდან უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების სია გამოითხოვა. ათეული, რომელიც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული, ასე გამოიყურება:

  • სს გეფა
  • შპს ავერსი-ფარმა
  • შპს აკა
  • შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია
  • შპს ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსი
  • შპს თეგეტა მოტორსი
  • შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
  • შპს იბერია ავტო ცენტრი
  • შპს პსპ ფარმა
  • შპს ჯი-თი მოტორს

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტი 28.3%-ით 38.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 8 თვეში გერმანიაში ყველაზე დიდი მოცულობით საფრენი აპარატები და ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავყიდეთ. სწორედ ამ პროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებით არის გაზრდილი ექსპორტი.

TOP-10 საექსპორტო საქონელი გერმანიაში:

  1. საფრენი აპარატები სხვა - $7.1 მლნ, 65 ტონა;
  2. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $5.4 მლნ, 2 455 ტონა;
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $3.9 მლნ, 790 029 ლიტრი;
  4. თხილი და სხვა კაკალი - $2.9 მლნ, 382 ტონა;
  5. წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - $2.4 მლნ, 348 ტონა;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები - $2.4 მლნ, 1 894 823 ლიტრი;
  7. მსუბუქი ავტომობილები - $2.3 მლნ, 38 ცალი;
  8. დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $687 ათასი;
  9. მინერალური შაქრის დანამატებიანი წყლები - $606.1 მლნ, 993 958 ლიტრი.
  10. დაკონსერვებული ან დამზადებული ნაყოფები - $581 ათასი, 76 ტონა;

გერმანიაში მიმდინარე წლის 8 თვეში საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს გეო-ფლაუერი
  • შპს ედელინგი
  • შპს ელ თი
  • შპს კახეთი კომპანი
  • შპს მეღვინეობა ჩელთი
  • შპს პაკკა ჯორჯია
  • შპს ტექ მიკროსისტემს ჯორჯია
  • შპს შინდისი
  • შპს ჯეო კონცენტრატი

ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილების გადმორიცხვებში გერმანია ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიის შემდეგ ერთ-ერთი მოწინავეა. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში გერმანიიდან 340 900 გზავნილით 201 მილიონ 707 ათასი დოლარი გადმოირიცხა. მაშინ როდესაც 2024 წლის 8 თვეში გადმორიცხული ფულადი გზავნიელბის მოცულობა 170.1 მლნ დოლარი იყო.

ტურიზმი

პანდემიის შემდეგ გერმანიიდან ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების მაჩვენებელი მზარდია, თუმცა 2024 წლის მონაცემებით, პანდემიამდელ - 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს ჯერ არ დაჰბრუნებია. გასულ წელს გერმანიიდან საქართველოში 78 644 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მონაცემებს თითქმის 10 000 ვიზიტით აღემატება, 2019-ისას კი თითქმის ამდენივეთი ჩამორჩება.

რაც შეეხება 2025 წლის პირველი ნახევრის ოფიციალურ მონაცემებს, წელს გერმანია ვიზიტორების მიხედვით ქვეყნების 10-ეულში ვერ მოხვდა, თუმცა პოლონეთის შემდეგ ის ამ რეიტინგში 13 ადგილს იკავებს. იანვარ-ივნისში გერმანიიდან საქართველოში 32 392 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 4.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები