სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოდან ექსპორტმა და მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. საქართველოს ექსპორტის მთავარი ბაზარი წლის ამ პერიოდში ყირგიზეთია, სადაც ოფიციალურად წელს 1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიგზავნა. წლიურად ექსპორტის ზრდამ კი, 86%-ი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ყირგიზეთთან ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობს, რომლის ექსპორტმაც 964 მილიონ დოლარს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემებით, ყირგიზეთი საქართველოს მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სხვა ეკონომიკური კავშირი ორ ქვეყანას შორის არც ისეთი დიდია. მაგალითად, 2024 წელს, 65%-ით არის შემცირებული ყირგიზეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიცები.
BMG გთავაზობთ საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში.
ვაჭრობა
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ ყირგიზეთში 1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაყიდა. წლიურად ექსპორტი 86%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, საქართველო ყირგიზეთში, ყველაზე დიდი მოცულობით შემდეგ სამ საქონელს ყიდის:
- მსუბუქი ავტომობილები - $963.9 მლნ
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან -$53.3 მლნ
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - $4.3 მლნ
რაც შეეხება იმპორტს. ყირგიზეთი საქართველოს მოწინავე საიმპორტო ბაზარი ნამდვილად არ არის. 2024 წლის 10 თვეში საქართველომ ყირგიზეთიდან ჯამში, 4 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტის იმპორტი განახორციელა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით, თუმცა მაინც გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, საქართველო ყირგიზეთში ყველაზე დიდი მოცულობით ჩამოთვლილ საქონელს ყიდულობს:
- თხილი და სხვა კაკალი - $1,5 მლნ
- პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - $925 ათასი
- მსუბუქი ავტომობილები - $346 ათასი
FDI
თუ მაგალითად ვაჭრობის კუთხით ზრდა გვაქვს წელს, შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულიც, უცხოური ინვესტიციების მიმართულებით შემცირებაა. ზოგად ჭრილშიც, ყირგიზეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირეა. 2024 წლის პირველ ნახევარში ყირგიზული ინვესტიციების სახით ქვეყანაში სულ 1 მილიონ 178 ათასი დოლარი შემოვიდა. გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით ეს მაჩვენებელი 65.1%-ით შემცირდა. FDI-ს სტატისტიკას თუ შევხედავთ, ყირგიზეთიდან ინვესტიციები წლების განმავლობაში მცირე იყო, რეკორდული მაჩვენებელი კი 2010 წელს დაფიქსირდა და 14 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წელს კი ჯამში ეს რიცხვი 6.1 მლნ დოლარი იყო.
ფულადი გზავნილები
საქართველოსთვის ყირგიზეთი,ფულადი გზავნილების მოცულობით, რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ 10 თვეში საქართველოში ყირგიზეთიდან - 58 მლნ დოლარი გადმორიცხეს, რაც გასულ წელთან შედარებით 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტურიზი
ყირგიზეთიდან საქართველოში მოგზაურობის მაჩვენებელი არც ისე დიდია. 2024 წლის პირველი სამ კვარტალში, ყირგიზეთიდან საქართველოში ჯამში 13 670 ვიზიტი შედგა, ეს კი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - მცირედით, თუცმა 11.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოკლედ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები აჩვენებს, რომ ყირგიზეთი საქართველოს ტურისტული ნაკადების სტატისტიკაში ტოპ 15-ეულშიც კი ვერ ხვდება.