მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ VS Huawei - აშშ-ის საელჩოს თხოვნა ქართულ კომპანიებს

5f60df0d261e7
სალომე მეცხვარიშვილი
15.09.20 20:50
3974
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წყვეტს ან ამცირებს თანამშრომლობას იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, HUAWEI-ის ტექნოლოგიებით სარგებლობენ - ინფორმაცია “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.

ახლახან ამერიკის საელჩომ საქართველოში ქართულ კომპანიებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ, გაუგზავნა კითხვარი, რომლის მიზანია, დაადგინოს სარგებლობენ თუ არა პარტნიორი კომპანიები ჩინური ფირმების - Huawei, ZTE, Hikvision, Dahua, და Hytera-ს ან მათთან ასოცირებული კომპანიების მოწყობილობებით ან ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით. კითხვარში მითითებულია, რომ საელჩო საქართველოში შეწყვეტს ან შეამცირებს თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებიც HUAWEI-ის ტექნოლოგიებით სარგებლობენ. აშშ-ის საელჩოში აღნიშნულს არ უარყოფენ.

“ამერიკის საელჩო ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, შეატყობინოს პარტნიორებს საკანონმდებლო რეგულაციებში ცვლილებების შესახებ. ამ შემთხვევაში საუბარია “უცხოეთში დამზადებული პროდუქციის შესახებ” წესზე, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 15 მაისს, თუმცა ამოქმედება გახანგრძლივდა 13 აგვისტომდე, შესაბამისად 13 აგვისტოდან მოყოლებული ვატყობინებთ ჩვენს კონტაქტებს რეგულაციების შესახებ”,- განუცხადეს bm.ge-ს აშშ-ის საელჩოში.

უკვე ერთი წელია ჩინური გიგანტი ამერიკული სანქციების ქვეშაა. ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კომპანია ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობს და ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სულ ახლახანს კი დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა და HUAWEI-სა და მის მიმწოდებლებს აღარ შეუძლიათ ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება. სწორედ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ გააფრთხილა საკუთარი კონტრაქტორები აშშ-ის საელჩომ საქართველოში. bm.ge-ს ინფორმაციით, ამ კომპანიებს შორის არიან “ვისოლი” და "სილქნეტიც". ამ უკანსაკნელმა დაგვიდასტურა, რომ აშშ-ის საელჩო მათი კორპორატიული პარტნიორია. თუმცა, ამის პარალელურად კომპანიას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული HUAWEI-სთან ერთად, მათ შორის სწრაფი ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით.

"დავინახავთ ეს დიდი გიგანტი როგორ ჩამოიშლება, არც ისე პატარა დროში. საქართველოს მაგალითზეც რომ ავიღოთ, სანქციები უკვე ძალაშია შესული, ბევრი კომპანია უარს იტყვის მათი და მათი შვილობილი კომპანიების მოწყობილობებსა და ტექნოლოგიებზეც კი. სამაგიეროდ, Huawei-ს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კონკურენტმა Xiaomi-მ უკვე გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა, ისინი გახსნიან წარმომადგენლობას და ა.შ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. დიდი პოლიტიკის გამო გიგანტებიც გადიან ხოლმე ბაზრიდან და იძირებიან”,- აცხადებს ტექნოლოგიური სტანდარტების ასოციაციის დამფუძნებელი ნიკა როსტომაშვილი.

აშშ-ის საელჩოს წერილის შემდეგ, ქართული კომპანიები, რომლებიც Huawei-სთან თანამშრომლობენ უკვე ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებენ. ამას bm.g-სთან კომპანია “კომუნიკომის” ხელმძღვანელი ადასტურებს. გიორგი შვანგირაძე ამბობს, რომ მათ მიმართავენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უწყებები. მისივე თქმით, მაგალითად ჩინური კომპანია “ჰიტერასთვის” მოსალოდნელი სანქციების დაკისრების შესახებ ისინი დიდი ხანია საუბრობენ და აფრთხილებენ ქართველ შემსყიდველებს.

"კომპანიებმა, რომლებთან ჩვენც ვთანამშრომლობთ, ჩაგვაყენეს საქმის კურსში და გვთხოვეს, თუ არის შესაძლებელი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროდუქციის ჩანაცვლება მაგალითად "მოტოროლას" პროდუქციით. როგორც მე ვარ საქმის კურსში, 2022 წლამდე უნდა მოხდეს ამ პროდუქციის ჩანაცვლება”,- აცხადებს გიორგი შვანგირაძე.

ფაქტია, ამერიკის შეერთებული შტატები ღიად ატარებს ჩინური კომპანიის საწინააღმდეგო კამპანიას. აშშ-ის სახელმწფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც ევროპის ტურში აგვისტოში იმყოფებოდა, ცხადად გააფრთხილა ევროპული ქვეყნები, რომ მათი მხრიდან HUAWEI-ს ტექნოლოგიების გამოყენება დააზიანებს აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობებს.

(რადიო თავისუფლების ფოტო)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები