მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში აღარ გადავა

5eea31b9256c5
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.20 19:30
1406
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ აღარ გადავა - შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. 

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არაა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. კომიტეტის შეფასებას დაეთანხმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, რომლის თქმითაც, სამინისტრო კანონპროექტიდან ამოიღებს ჩანაწერს, რომლითაც ეს სამსახური სებ-ის ზედამხედველობის ქვეშ გადადის. 

"ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეგრეთწოდებული SARAS-ის ანუ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სამსახურის გადატანას ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ბევრ დებულებას. კომიტეტი ამაზე თანხმობას ვერ მისცემს. ეს არის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციები გვაქვს გავლილი ყველასთან, ვისთანაც უნდა გაგვევლო. ამიტომ, ამ კანონპროექტიდან უნდა იქნეს ამოღებული ყველა ის მუხლი, რომელიც ეხება ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სებ-ის ქოლგის ქვეშ გადასვლის შესახებ კომენტარი 27 მაისს გააკეთა. მაშინ კობა გვენეტაძემ თქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში აუდიტის ზედამხედველობა სწორედ ცენტრალური ბანკის მოვალეობა იყო.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) ქვეყანაში აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორების ზედამხედველი ორგანოა. მის რეესტრში 2020 წლის მაისის მდგომარეობით, სულ 262 აუდიტორული კომპანია არის რეგისტრირებული.

სამსახურის დაქვემდებარებაში არის აუდიტორული ანგარიშგებების პორტალი reportal.ge, რომელზეც ყოველწლიურად ანგარიშვალდებული კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროება ხდება. 2019 წელს reportal.ge-ზე პირველი კატეგორიის 105 კომპანიის, მეორე კატეგორიის 404 კომპანიის, მესამე კატეგორიის 3004 კომპანიის და 99 სდპ-ს აუდიტორული და ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროვება მოხდა. სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ანგარიშგების წარდგენის მაჩვენებელმა 90% შეადგინა.